სხვა

4:12 | 19.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

როგლიჩი ტურს ტრავმირებული გამოეთიშა

ორშაბათს ტურ დე ფრანსზე დასვენების დღე იყო. 15 ეტაპის შემდეგ, ველომარათონს დანიელი იონას ვინგეგაარდი ლიდერობს, ვინც ორ წუთზე მეტს უგებს ტურის ორგზის ჩემპიონს, სლოვენიელ ტადეი პოგაჩარს. მაგრამ დიდი გამარჯვებისთვის ბრძოლაში, მას მთავარი ძალა, სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩი ვეღარ დაეხმარება.

ტურის 2020 წლის ვიცე ჩემპიონი რბოლას სწორედ მე-15 ეტაპის წინ გამოეთიშა. ამის მიზეზი ის ტრავმები გახდა, რომლებიც პირველი კვირის მეხუთე ეტაპზე მომხდარი ინციდენტების დროს მიიღო.

„იმისათვის, რომ ტრავმები მოვიშუშო, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღეს სტარტზე არ გამოვსულიყავი“, - სტარტამდე განაცხადა როგლიჩმა, ვინც მეხუთე ეტაპზე დაეცა და მხრის და წელის ტრავმები მიიღო. ამის მიუხედავად, მან დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ ვინგეგაარდმა ლიდერის ყვითელი მაისური პოგაჩარს ჩამოართვა.

„ვამაყობ იმით, რომ ცხრილში განლაგება ჩემი დამსახურებით შეიცვალა. მე ვენდობი გუნდს და იმედი მაქვს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ყვითელი და მწვანე (სპრინტის ჩათვლის ლიდერი) მაისურები ჩვენ დაგვრჩეს“, - დასძენს როგლიჩი, ვინც შარშანდელ რბოლას მეექვსე ეტაპიდან გამოეთიშა. ამის მიზეზი, მესამე ეტაპზე მიღებული ტრავმა გახდა.

როგლიჩი 2020 წლის ტურზე კარგა ხანს ლიდერობდა, მაგრამ დროზე რბოლის ეტაპზე გაუჭირდა და თანამემამულე პოგაჩარს გამრჯვების საშუალება მისცა. როგლიჩი იმედოვნებს, რომ ტრავმებს დროულად მოირჩენს და ვუელტაზე ასპარეზბას შეძლებს, რომელიც ზედიზედ სამჯერ აქვს მოგებული. აღსანიშნავია, რომ ესპანური ველომარათონი ზედიზედ ოთხჯერ ჯერ არავის მოუგია.

0.124332