ახალი სეზონის სტარტი ახლოვდება, მაგრამ „ნაპოლიში“ ჯერ კიდევ არ დაუწყიათ არც სეზონური აბონიმენტებისა და არც მაისურების გაყიდვა.
ნეაპოლელთა წარმომადგენელმა ნიკოლა ლომბარდომ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მას სწორედ ამის შესახებ ჰკითხეს, მაგრამ მან სურეალისტური პასუხი გასცა: „მხოლოდ ჩვენ ვწყვეტთ როდის დავიწყოთ სეზონური აბომინენტებისა და მაისურების გაყიდვა“.
Calcionapoli24 წერს, რომ ეს უბრალოდ სასაცილო სიტუაციაა და კლუბში დღემდე არ იციან, როდის დაიწყებენ „სტადიო მარადონეზე“ სეზონური აბონიმენტების გაყიდვას. ეს იმის ფონზე, რომ ყველა იტალიურმა კლუბმა დაიწყო ეს კამპანია და „ინტერმა“ კი სულაც, ყველა აბონიმენტი უკვე გაყიდა.
აღსანიშნავია, რომ „ნაპოლის“ ახალი სეზონისთვის ახალი დიზაინის მაისურებიც არ აქვს. უცნაურია არა? მაგრამ რეალობაა, კამპანიელები შარშანდელი ეკიპირებით თამაშობენ და ვარჯიშობენ.
სხვათა შორის, კლუბის ტიფოზები აურელიო დე ლაურენტისით ძალიან უკმაყოფილონი არიან და რამდენიმე დღის წინ გუნდის პრეზენტაციაზე მას ბევრი უსტვინეს. ფანები კლუბის სატრანსფერო კამპანიითაც არ არიან კმაყოფილები, რადგან ნეაპოლელთა რიგები რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფეხბურთელმა დატოვა, ლორენცო ინსინიემ, კალიდუ კულიბალიმ, დავიდ ოსპინამ, დრის მერტენსმა, ფაუზი გულამიმ, მათ ნაცვლად კი ჯერ მხოლოდ სამი ახალწვეული ჰყავთ - ხვიჩა კვარაცხელია, მატიას ოლივერა და ლეო ოსტიგარდი.
„ნაპოლიმ“ პრესეზონზე ორი ამხანაგური მატჩი უკვე ჩაატარა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამ 45-45 წუთი ითამაშა, მაგრამ 3 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოასწრო. ნეაპოლელები კიდევ ოთხ სპარინგს ჩაატარებენ „ადანა დემირსპორთან“, „მალიორკასთან“, „ჟირონასთან“ და „ესპანიოლთან“, სერია A-ს პირველ ტურში კი 14 აგვისტოს, „ვერონას“ ესტუმრება.