მატაის დე ლიხტის „ბაიერნში“ ტრანსფერი გადაწყდა და „იუვენტუსი“ მის შემცვლელს ეძებს. ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ტურინელთა ფავორიტი გლეისონ ბრემერია, რომელიც „ტორინოს“ წევრია.
ბრაზილიელს „ინტერთან“ შეთანხმება აქვს, მაგრამ წყაროს თანახმად, თუ მილანელები ტრანსფერს საბოლოოდ არ დახურავენ, „იუვე“ ეცდება ბრაზილიელი გადაიბიროს.
აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსი“ „ტორინოს“ უფრო მეტ თანხას სთავაზობს, ვიდრე „ინტერი“, რამაც შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი შეასრულოს. „ბებერი ქალბატონი“ მზადაა თანაქალაქელ კლუბს 35 მილიონი ევრო გადაუხადოს და ბონუსის სახით 5 მილიონი ევრო დაუმატოს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.
ბრემერის გარდა, „იუვენტუსს“ პაუ ტორესს (ვილიარეალი), ნიკოლა მილენკოვიჩსა (ფიორენტინა) და გაბრიელ მაგალაეშს (არსენალი) უკავშირებენ.
აქვე გეტყვით, რომ 25 წლის ბრემერი „ტორინოში“ 2018 წლიდან თამაშობს და 110 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის სამშობლოში, „ატლეტიკო მინეიროში“ თამაშობდა.