„ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად წარადგინეს და მან იტალიელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
როგორც ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ის „ნაპოლიში“ ლორენცო ინსინიეს შესაცვლელად კი არ მივიდა, არამედ იმისთვის, რომ თავისი ფეხბურთი ითამაშოს და ყველას მაქსიმუმი ანახოს.
„ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის, „ნაპოლი“ ძალიან დიდი გუნდია და აქ იმისთვის მოვედი, რომ დიდი ფეხბურთი ვითამაშო. "ნაპოლი" იმიტომ ავირჩიე, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავს, ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს და როცა შეთავაზება მივიღე, ბევრი არც მიფიქრია. ინსინიე ძალიან დიდი ფეხბურთელია, გუნდის ლეგენდაა, მაგრამ მე აქ არავის შესაცვლელად მოვსულვარ, მოვედი იმისთვის, რომ ყველას ჩემი მაქსიმუმი ვანახო.
ვფიქრობ, აქ გადმოსვლით სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ამას დროც გვანახებს. სპალეტის ნეაპოლში ჩამოსვლამდე შევხვდი. ის ძალიან კარგი მწვრთნელი და ადამიანია, რომლისგანაც უკვე ბევრი ვისწავლე და მომავალშიც ბევრს ვისწავლი...
...რთული საკითხია და ეს პოლიტიკური შეკითხვაა. რუსეთი იმიტომ დავტოვე, რომ საჭიროება მოითხოვდა და საქართველოში წავედი. ვფიქრობ, ჩემი ქვეყნის გამო, სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
იტალიური ენის სწავლა უკვე დავიწყე და დიდი იმედი მაქვს, რომ რამდენიმე თვეში მეცოდინება. იმედი მაქვს, იტალიურ ენას 3-4 თვეში ვისწავლი თუ ნაკლებში არა, მაგრამ საფეხბურთო ტერმინოლოგიაში თითქმის ყველაფერი ძალიან მარტივია და მალევე ვისწავლე.
როცა პატარა ქვეყნიდან ასეთ დიდ გუნდში მიდის ფეხბურთელი, ეს ქვეყნისთვის ძალიან კარგია და წაადგება. რა თქმა უნდა, ჩემთვისაც კარგი გამოცდილებაა და ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა, რომ უფრო მეტი იმუშაონ, რადგან შესაძლებელია, რომ პატარა ქვეყნიდან დიდ კლუბში მოხვდნენ.
ნეაპოლზე მითხრეს, რომ ძალიან ლამაზი ქალაქიაო და როცა ჩამოვედი, მართლა საოცრება დამხვდა. ასეთი ლამაზი ქალაქი ჯერ არ მინახავს. ვიცი, რომ ფანები ფეხბურთზე ძალიან შეყვარებულები არიან. მაისურზე ჩემს გვარს დავიწერ, მაგრამ შეგიძლიათ კვარა დამიძახოთ.
არ ვიცი, ზუსტად რამდენი გოლის გატანა მინდა, თუმცა მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ იმაზე მეტი გავიტანო, ვიდრე საჭიროა.
77 ნომერი იმიტომ ავირჩიე, რომ ციფრი 7 მიყვარს და ორი შვიდიანი იყო დარჩენილი, ამიტომ გადავწყვიტე.
ვერცერთ ფეხბურთელს გამოვყოფ, ყველა დიდი ფეხბურთელია და ძალიან მაინტერესებდა, მოედანზე რა შეეძლოთ. ბოლო პერიოდში ბევრი შემოთავაზება იყო, მაგრამ როცა „ნაპოლის“ წინადადება მივიღეთ, ყველაზე რეალური იყო, ყველაზე მეტად გამოთქვამდა სურვილს და ბევრი არ მიფიქრია, პირდაპირ „ნაპოლიში“ წასვლა გადავწყვიტე.
ჩვენც ვწუხვართ, რადგან ძალიან დიდი ფეხბურთელები წავიდნენ, მაგრამ გუნდში კარგი ფეხბურთელები არიან და ყველაფრის შეცვლა შეუძლიათ, ყველაფერს გააკეთებენ, რომ მაქსიმალურ შედეგს მიაღწიონ. ჩემი აზრით, მთავარი გუნდის გამარჯვებაა და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, როგორც ფეხბურთელი აუცილებლად გაიზრდები, როდესაც გუნდი იმარჯვებს.
ახლა რა პოზიციაზეც ვთამაშობ, ის პოზიციაა ჩემთვის საუკეთესო, მაგრამ სადაც გუნდს დასჭირდება, იქ უნდა ვითამაშო, რადგან ფეხბურთელი ვარ და მწვრთნელის დავალება უნდა შევასრულო. ცოტა რთული იქნება „ნაპოლის“ ფანების გაოცება, რადგან ამ გუნდში მარადონა თამაშობდა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი თამაშით თავი მოვაწონო და გუნდისთვის მაქსიმუმი გავაკეთო.
პირველ რიგში მინდა, რომ მაქსიმალურად დავეხმარო გუნდს თითოეულ გამარჯვებაში და მაქსიმუმი გავაკეთოთ ყველაფრის მოსაგებად. კვარადონას მეტსახელი? „ნაპოლისთვის“ მარადონა ალბათ ყველაფერს ნიშნავს და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ასეთ რაღაცას გიწოდებენ. რა თქმა უნდა, მარადონას ვერ შევედრები, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნეაპოლელები ჩემით კმაყოფილები იყვნენ“, - თქვა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლისთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. იტალიურ გუნდში მისი არაოფიციალური დებიუტი სამოყვარულო კლუბ "ანაუნესთან" შედგა, რომელსაც 45 წუთში 2 გოლი გაუტანა და საგოლე პასი გააკეთა.