სხვა

3:23 | 15.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტურის ლეგენდარული ეტაპი ტომ პიდკოკმა მოიგო

ბრიტანელი ველომრბოლი ტომ პიდკოკი ამიერიდან ყოველთვის იამაყებს იმით, რომ ტურ დე ფრანსის ლეგენდარული რბოლა მოიგო. მე-12 ეტაპი, რომელიც ალპ დ’უზის სახელით არის ცნობილი და რომელზეც ამავე სახელის სამთო მონაკვეთის გარდა, არანაკლებ ლეგენდარული გალიბიერიც იყო გასავლელი, მან მარტომ, პირველმა დაასრულა.

ციკლოქროსის მსოფლიო ჩემპიონმა და სამთო ველოსიპედში ოლიმპიური ოქროს მფლობელმა, ფინიშამდე 10 კილომეტრით ადრე აუჩქარა ფეხს. ბოლო აღმართის სიგრძე 13.8 კილომეტრი, საშუალო დახრა კი 8.1 პროცენტი იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, „ინეოს გრენადერსის“ მრბოლმა, ეს ჯოჯოხეთი მარტომ გაიარა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

„ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეა. მხოლოდ ლოცვა შემეძლო იმისთვის, რომ მაყურებლები გზიდან ჩამომშორებოდნენ. დღეს ჩვენი გეგმა ის იყო, რომ გუნდს შეტევისთვის მოვემზადებინე და მერე გამარჯვებისთვის მებრძოლა“, - განაცხადა პიდკოკმა, ვინც ფრანგულ ტურზე დებიუტანტია. მას პირველად მოუწია ასპარეზობამ აღმართზე, რომლის დიდი ნაწილიც ფანებით იყო სავსე.

პიდკოკმა უკან მოიტოვა სამხრეთაფრიკელი ლუის მაინტხესი და სახელოვანი თანამემამულე, ტურის ოთხგზის ჩემპიონი კრის ფრუმი, ვისთვისაც 2019 წელს განცდილი უმძიმესი ავარიის შემდეგ, ეს საუკეთესო შედეგია.

რბოლის ლიდერმა, დანიელმა იონას ვინგეგაარდმა ლიდერობა შეინარჩუნა. რბოლის ბოლოს, მას ორგზის ჩემპიონმა ტადეი პოგაჩარმა გაასწრო, მაგრამ სლოვენიელმა ყვითელ მაისურთან ჩამორჩენა მაინც ვერ შეამცირა, რადგან მათ რბოლა ერთ გუნდში დაამთავრეს. მან მეორე ადგილზე კი გადაინაცვლა, მაგრამ დანიელს ისევ ორი წუთით და 22 წამით ჩამორჩება.

ფრანგმა რომენ ბარდემ, ვინც გუშინდელი ეტაპის შემდეგ, მეორე ადგილზე იყო, მეოთხეზე გადაინაცვლა. მესამეზე კი პიდკოკის თანაგუნდელი გერეინ თომასია, ვისაც ალპ დ’უზის ეტაპი და ტური, 2018 წელს აქვს მოგებული.

0.118325