NBA-ს საზაფხულო ლიგაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, მისმა“მილუოკი ბაქსმა“ კი „მინესოტა ტიმბერვულვზს" 12-ქულიანი სხვაობით - 87:75 მოუგო.
თამაში მთელი 3 პერიოდის განმავლობაში თითქმის თანაბრად მიმდინარეობდა, ყველაფერი კი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, სადაც „ბაქსმა“ 10 ქულით 22:12 იმარჯვა.
წინა მატჩის მსგავსად ყველაზე შედეგიანი კვლავ ქართველი ფორვარდი იყო. სანდრომ შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 32:07 წუთში: 18 ქულით, 15 მოხსნით, 4 პასი და 2 დაფარება დააგროვა. მან 13-დან 6 დარტყმა ზუსტად გამოიყენა, მათ შორის 6-დან 2 სამქულიანი, 7-დან 4 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო. 21 წლის შემტევის +- მაჩვენებელი +14 იყო და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
აღსანიშნავია ისიც, რომ თამაშში ორმაგი დუბლი მხოლოდ მამუკელაშვილმა გამოიმუშავა. „მილუოკიდან“ მეორე შედეგი მარჯონ ბოშამპს ჰქონდა, მან 15 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. „მინესოტადან“ კი კევონ ჰარისმა 16 ქულა ჩააგდო, რომელსაც 5 მოხსნა და 4 პასი დაამატა.
სანდრო მამუკელაშვილმა და თანაგუნდელებმა საზაფხულო ლიგაში 3 შეხვედრა ჩაატარეს, რომელთაგანაც 2 მოიგეს და მხოლოდ „ბოსტონ სელტიკსთან“ დამარცხდნენ. მომდევნო, ბოლო შეხვედრას ვინ ბეიკერის გუნდი „დალას მავერიქსთან“, 15 ივლისს ჩაატარებს.