მოსკოვის "დინამოს" ვებგვერდზე ქართველ ფეხბურთელ ლუკა გაგნიძესთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც მან სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.
❗️ აღსანიშნავია, რომ გაგნიძემ ინტერვიუში ქართულად ისაუბრა, ხოლო მოსკოვის "დინამოს" საიტზე ინტერვიუ რუსულ ენაზე და არაზუსტი თარგმანით გამოქვეყნდა, რამაც ბევრი, მათ შორის ჩვენც შეცდომაში შეგვიყვანა და თავდაპირველად რუსული კლუბის საიტზე განთავსებულ ინტერვიუში ბევრი ისეთი რამ ეწერა, რაც გაგნიძეს რეალურად არ უთქვამს.
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი მოსკოველებმა ერთი წლის წინ იყიდეს და „ურალში“ გაანათხოვრეს, ხოლო შემდეგ მან ფიფას წესებით ისარგებლა და პოლონურ „რაკუვში“ გადავიდა, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა და კლუბი დატოვა და რუსულ კლუბში დაბრუნდა.
- კარიერის განმავლობაში თამაშობდით როგორც დაცვაში, ასევე შემტევ ნახევარმცველად და საყრდენ ნახევარმცველად. სად გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?
- საყრდენ ნახევარმცველადაც და გამთამაშებლადაც თამაში ჩემთვის კომფორტულია, მაგრამ სადაც გუნდს დასჭირდება იქ ვითამაშებ.
- გასული სეზონი პირველი იყო საქართველოს ფარგლებს გარეთ. როგორი იყო ადაპტაცია ახალ ქვეყანაში?
- მარტო ადრეც ვცხოვრობდი და ადაპტაციისთვის ცოტა დრო დამჭირდა.
- რუსული ენის სწავლა კარგად მიმდინარეობს?
- სწავლით არ ვსწავლობ, სიტყვები თავისით მოდის და ჯერჯერობით, ვიმახსოვრებ.
- კარგი ურთიერთობა გაქვთ ხვიჩა კვარაცხელიასთან, რომელიც რუსეთის პრემიერლიგის მთავარი დრიბლიორი იყო და ახლა იტალიაში გაემგზავრა. როგორ ხართ დრიბლინგთან? გაქვთ საყვარელი ფინტი?
- მე პირადად დრიბლინგებით არ გამოვირჩევი. ხვიჩასგან განსხვავებით დრიბლინგი არ მიყვარს, უფრო მარტივი თამაში მომწონს და საყვარელი ფინტი არ მაქვს.
- ორივე ფეხით კარგი დარტყმა გაქვს, რაც იშვიათია ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის. მიზანმიმართულად ვარჯიშობდი მარცხენა ფეხით დარტყმაზე?
- მე ვიტყოდი, რომ ჩემი მარჯვენა ოდნავ უკეთესია, 60-40-ზე.
- მსოფლიო ფეხბურთში თქვენი როლის ფეხბურთელებიდან რომელი მოგწონთ?
- „ლივერპულიდან“ ტიაგო ალკანტარა მომწონს.