სხვა

3:46 | 13.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

კორტ ნილსენმა მე-10 ეტაპი მოიგო, პოგაჩარი ისევ ყვითელშია

ორშაბათის პაუზის შემდეგ, ტურ დე ფრანსი მე-10 ეტაპით განახლდა. მის დასრულებას 36 კილომეტრი აკლდა, როდესაც კლიმატის აქტივისტებმა გზა გადაკეტეს და რბოლა შეაფერხეს. 10 წუთით შეყოვნების შემდეგ კი ასპარეზობა განახლდა და ის დანიელმა მაგნუს კორტ ნილსენმა მოიგო.

სპრინტერულ ფინიშზე, კორტ ნილსენმა უკან ჩამოიტოვა ავსტრალიელი ნიკ შულცი, მესამეზე კი ესპანელი ლუის ლეონ სანჩესი გავიდა. კორტ ნილსენისთვის ეს ფრანგულ ტურზე მოპოვებული მეორე გამარჯვებაა. პირველს 2018 წლის რბოლისას მიაღწია.

ველომარათონის ლიდერმა და მისმა ორგზის ჩემპიონმა, სლოვენიელმა ტადეი პოგაჩარმა, რომელმაც ორი თანაგუნდელი კორონავირუსის გამო დაკარგა, რბოლა უსაფრთხოდ განვლო და ლიდერის პოზიციაც შეინარჩუნა. მე-11 ეტაპზე მის ლიდერობას მძიმე გამოცდა ელის - გასავლელია 151.7-კილომეტრიანი სამთო გზა ალბერვილიდან კოლ დუ გრანონამდე.

სანჩესმა შეტევა მაშინ დაიწყო, როცა ფინიშამდე 6 კილომეტრიღა იყო დარჩენილი. მაგრამ მალევე „დაიჭირეს“. ფინიშის სწორზე, სანამ მოწინავე ოთხეული კატა-თაგვობანას თამაშობდა, მათ უკნიდან კორტ კორტ ნილსენი დაეწია და ყველა უკან მოიტოვა. მან შულცს ფოტო-ფინიშით აჯობა.

10 ეტაპის შემდეგ, პოგაჩარი ისევ ლიდერია, მაგრამ მისი უპირატესობა 11 წამამდე შემცირდა და უახლოესი მდევარიც შეიცვალა. ესაა გერმანელი ლენარდ კაემნა, ვისაც ყვითელი მაისურის გადაბარების შანსიც ჰქონდა, მაგრამ ბოლო შეტევისთვის ძალა არ ეყო. მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა დანიელი იონას ვინგეგაარდი, ვინც ლიდერს 39 წამით ჩამორჩება.

0.118912