ფეხბურთი

22:46 | 11.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში: "ბარსელონაში" არ აინტერესებთ ის ადამიანები, რომლებმაც კლუბის ისტორია შექმნეს"

ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დანი ალვეშმა „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა გააკრიტიკა. როგორც მან აღნიშნა, კლუბი იმ ადამიანებს, რომლებმაც „ბარსას“ ისტორია შექმნეს, სათანადოდ არ აფასებს.

„ბარსელონა“ ნაწყენი არ დამიტოვებია, პირიქით, ბედნიერი ვიყავი, რადგან იქ დაბრუნება მოვახერხე და ამაზე 5 წლის განმავლობაში ვოცნებობდი. ერთადერთი, რაც არ მომეწონა ისაა, როგორც გამიშვეს. მე თავიდანვე ნათლად ვთქვი, რომ 20 წლის ბიჭი აღარ ვიყავი და ყველაფერი ღიად უნდა გაკეთებულიყო. თუმცა, ამ კლუბში ბოლო წლებში ბევრი შეცდომა დაუშვეს.

„ბარსელონა“ გულგრილია იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც კლუბის ისტორია შექმნეს. როგორც „ბარსას“ გულშემატკივარი, ვისურვებდი, რომ კლუბი თავის ლეგენდებს სხვანაირად ექცეოდეს. ჩემს თავზე არ ვსაუბრობ, რადგან ჩემს სიტუაციას განსხვავებული სცენარი ჰქონდა. ძალიან მადლობელი ვარ ჩავისა და პრეზიდენტის, რომ დამაბრუნეს, მაგრამ „ბარსელონას“ მოედნის მიღმაც გაუმჯობესება სჭირდება.

ჩემი მომავალი? განვიხილავ შეთავაზებებს, რომლებიც აკმაყოფილებს ჩემს სურვილს კონკურენტუნარიანობის თვალსაზირისით. ვიცი, რომ ყველა ჩემს ასაკზე ლაპარაკობს, ამბობენ, რომ ბებერი ვარ და 20 წლის წინანდელი შემოთავაზებები აღარ მაქვს, მაგრამ ამას სრულიად არ ვეთანხმები, რადგან მაქვს გამოცდილება, რაც აქამდე არ მქონდა. მე მომწონს მოგება. მინდა, ისეთ გუნდში წავიდე, სადაც გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ“, - თქვა დანი ალვეშმა.

შეგახსენებთ, რომ დანი ალვეში „ბარსელონაში“ მიმდინარე წლის ზამთარში დაბრუნდა და გასულ სეზონში 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა, თუმცა მას კონტრაქტი არ გაუხანგრძლივეს და ამჟამად თავისუფალი აგენტია.

0.111784