ავტოსპორტი

22:50 | 9.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენი ავსტრიის სპრინტშიც ყველაზე სწრაფი იყო

ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერმა მაქს ფერსტაპენმა, ავსტრიის დიდი პრიზის სპრინტერული რბოლა მოიგო და კვირის მთავარ რბოლას, მოწინავე პოზიციიდან დაიწყებს. ეს ამ სეზონში მეორე სპრინტერული რბოლა იყო (პირველი იმოლას ტრეკზე ჩატარდა) და ორივე ფერსტაპენმა მოიგო.

სპრინტის პირველი სამი ადგილი იმავე პილოტებმა გაინაწილეს, რომლებიც კვალიფიკაციაშიც ყველაზე სწრაფები იყვნენ - მეორე ადგილი შარლ ლეკლერმა დაიკავა, მესამე კი კარლოს საინსს ერგო. ამასთან, „ფერარის“ პილოტებს რბოლისას ცხარე ბრძოლა ჰქონდათ, რომელშიც თავიდან ესპანელი გამოირჩეოდა.

ფერსტაპენის ლიდრობას ლეკლერი მხოლოდ ერთხელ დაემუქრა - სტარტიდან პირველ მოსახვევებში, თუმცა არაფერი გამოუვიდა და მალე მას აქეთ შეუტია საინსმა. ამის შემდეგ, ფერსტაპენმა ახლოს არავინ გაიკარა. „ფერარის“ პილოტების პოზიციებსაც „გარედან“ საფრთხე არ შექმნია.

სტარტზე ლუის ჰამილტონს და პიერ გასლის შეჯახება მოუვიდათ. ფრანგი დატრიალდა, მაგრამ ტრასას დაუბრუნდა და გზა გააგრძელა. ჰამილტონმა კი ოდნავ წინ წაიწია, მაგრამ შუა რბოლისას, მიკ შუმახერს კარგა ხანს უშედგოდ უტევდა. ბოლოს გაასწრო, მაგრამ უფრო წინ წაწევა ვეღარ შეძლო.

ფერსტაპენმა ამ „მინი“ მოგებით, ლიდერობა განიმტკიცა. ის ახლა უკვე 38 ქულას უგებს სერხიო პერესს, ვინც რბოლისას რვა პოზიციით წინ წაიწია, მაგრამ ჯორჯ რასელის დაწევა ვეღარ შეძლო და მეხუთე ადგილს დასჯერდა. მექსიკელს 6 ქულით ჩამორჩება ლეკლერი.

რბოლის დაწყებაც კი ვერ შეძლო ფერნანდო ალონსომ ვისი „ალპინიც“ დღეს რბოლის ხასიათზე არ იყო.

ავსტრიის დიდი პრიზი

სპრინტი

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული)
  2. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1.675
  3. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 5.644
  4. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 13.429
  5. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 18.302
  6. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 31.032
  7. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 34.539
  8. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 35.447
  9. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 37.163
  10. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 37.557
  11. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 38.580
  12. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 39.738
  13. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 48.241
  14. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 50.753
  15. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 52.125
  16. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 52.412
  17. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 54.556
  18. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1'08.694
  19. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი)
  20. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი)

უსწრაფესი წრე: შარლ ლეკლერი - 1:08.321 (მე-4 წრე, 227.525 კმ/სთ)

0.194363