უიმბლდონის 2022 წლის გათამაშება ქალთა შორის ელენა რიბაკინამ მოიგო. ყაზახი ჩოგბურთელის ჩემპიონობას ტურნირის დაწყებამდე ალბათ ბევრი ვერ წარმოიდგენდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა.
რიბაკინა, რომელიც უიმბლდონზე მე-17 ნომრად იყო განთესილი, ხოლო WTA-ს რეიტინგში 23-ე საფეხურზეა, ფინალში რეიტინგის მეორე ნომერ ონს ჟაბურს დაუპირისპირდა. ტუნისელი ფინალში ფავორიტი იყო, მაგრამ სტატუსი მხოლოდ პირველ სეტში გაამართა, რომელიც 6:3 მოიგო.
აი, შემდეგ რიბაკინა შეუჩერებელი გახდა და მეტოქეს 6:2, 6:2 აჯობა მომდევნო ორ სეტში და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრა საათსა და 51 წუთს გაგრძელდა. რიბაკინამ 4 ეისი მიითვალა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ჟაბურს 4 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
აქვე გეტყვით, რომ უიმბლდონი კვირას დასრულდება, მამაკაცთა თანრიგის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი ნიკ კირიოსს დაუპირისპირდება.