ჯეკ უილშირმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 30 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა განცხადება თავად გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ტრავმების გამო კარიერის გაგრძელება არ შეუძლია.
„ძნელია იმის აღიარება, რომ სათამაშო დონე კლებულობს ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვგრძნობ, რომ ბევრად მეტის გაკეთება შემეძლო. მადლობა ყველას“, - დაწერა უილშირმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ჯეკ უილშირმა კარიერა „არსენალში“ დაიწყო, რომლის მთავარ გუნდში 2008-2018 წლებში 197 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მან იჯარით სხვადასხვა დროს „ბოლტონსა“ და „ბორნმუთში“ ითამაშა, ასევე იყო „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ წევრი, ხოლო ბოლოს დანიურ „ორჰუსში“ ირჯებოდა.
ინგლისის ნაკრებში მან 34 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, ორივე 2015 წელს, ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენიის ნაკრების კარში.