რაგბი

18:02 | 7.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ ნარიაშვილი: „კარიერა არ დამისრულებია“

ბორჯღალოსანთა პირველხაზელი მიხეილ ნარიაშვილი შემოდგომაზე ორ ოპერაციას გაიკეთებს, სარეაბილიტაციო პერიოდის დასრულების შემდეგ კი მოედანს დაუბრუნდება.

ფრანგულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 32 წლის მორაგბემ მოთამაშის კარიერა დაასრულა და ფედერალ3-ის ‘უზესის’ მწვრთნელი გახდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

"დიდი მადლობა გულშემატკივარს ჩემს მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და ინტერესის გამო. ნამდვილად არ ველოდი ამდენ ადამიანს თუ ვახსოვდი და მქომაგობდა. გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მე მოთამაშის კარიერა დავასრულე და მწვრთნელობა დავიწყე, სიმართლეს არ შეესაბამება. ერთ-ერთ ფრანგულ გაზეთში არასწორი ინფორმაცია დაიწერა, რაც მერე სხვა გამოცემებმაც აიტაცეს, მათ შორის საქართველოში.

რეალობა ასეთია – ვიკეთებ ორ ოპერაციას, პირველს სექტემბერში კოჭზე და მეორეს, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს მუხლზე, რომელზეც გასულ წლებში უკვე გავიკეთე სამი ოპერაცია. რადგან რეაბილიტაციას მთელი წელი დაჭირდება, არცერთ გუნდთან არ მაქვს კონტრაქტი და უამრავი დრო მექნება, გადავწყვიტე გავიარო 1-წლიანი სამწვრთნელო კურსები და უკვე ჩავაბარე საფრანგეთში, ერთ-ერთ სასწავლებელში.

ამავდროულად, რამდენიმე კვირის წინ ჩემმა მეგობარმა, ფედერალ3-ის კლუბ ‘უზესის’ პრეზიდენტმა შემომთავაზა, რომ თუ შევძლებდი თვეში რამდენჯერმე მივსულიყავი მათთან და გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება. ეს ძალიან მესიამოვნა, რადგან ჯერ ერთი, ეს ადამიანი ჩემი მეგობარია და მეორე – სწავლასთან ერთად, რა დონეზეც არ უნდა იყოს, პრაქტიკის მიღება მნიშვნელოვანია, რათა უკეთ აღვიქვა და დავინახო დეტალები მწვრთნელის პოზიციიდან. მე ამ გუნდის მწვრთნელებს დავეხმარები გარკვეული ნიუანსების დახვეწაში, ვიქნები კონსულტანტი. ეს ინფორმაცია არასწორედ იქნა გადმოცემული, ისე, რომ პირადად ჩემთან ინფორმაცია არავინ გადაამოწმა.

- რა სირთულის ოპერაციებს გაიკეთებთ კოჭსა და მუხლზე?

მუხლზე მაქვს მეოთხე ხარისხის ართროზი, რაც ოპერაციებმა გამოიწვია და სწორედ ეს მიშლის ხელს ვარჯიშსა და თამაშში. ვერ ვახერხებ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმის წარმოჩენას. ერთი ფეხით პროფესიონალური რაგბის თამაში ძალიან რთულია. მარჯვენა მუხლის დაზიანების გამო დიდი დატვირთვა მოდიოდა მარცხენა ფეხზე, რამაც გამოიწვია კოჭის ართროზი, ოღონდ შედარებით იოლ ფორმებში.

სექტემბერში სწორედ კოჭზე ვიკეთებ ოპერაციას, გამისუფთავებენ სახსარს და მისი აღდგენის შემდეგ მეორე ოპერაცია დაიგეგმება, სავარაუდოდ ნოემბერში, უკვე მუხლზე. ამას მოყვება რეაბილიტაციის პროცესი და თუ ჯანმრთელობა მომცემს საშუალებას, მოედანს დავუბრუნდები.

თუ მწვრთნელები ჩათვლიან, რომ მათთვის საინტერესო მოთამაშე ვარ, საქართველოს ნაკრებისთვის სარგებლის მოტანა შემიძლია, ჩემი მიზანი ნაკრებთან ერთად 2023 წლის მსოფლიო თასზე თამაში იქნება. ვიმეორებ, ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკურენციის ფონზე, მე ვიქნები საჭირო ფორმაში, რადგან მსოფლიო თასი პატარა ტურნირი არ არის და ძველი დამსახურებების გამო იქ არავინ უნდა თამაშობდეს.

- 10 ივლისს ბორჯღალოსნები იტალიას ეთამაშებიან, საკუთარ ქვეყანაში, ბათუმში. ალბათ რთული იქნება მისი ტელევიზიით ყურება?

- რთული იყო საქართველოს ნაკრების ნებისმიერი თამაშის ტელევიზორში ყურება და ასე იქნება ახლაც. ვინც ჩემს კარიერას იცნობს იცის, რომ სეზონის განმავლობაში, კლუბში იქნებოდა თუ ნაკრებში, თამაშების 90-95%-ს ვთამაშობდი. აქედან გამომდინარე, ბოლო წლებში, ტრავმების ფონზე, ძალიან ბევრ თამაშზე დამწყდა გული.

გულახდილად ვიტყვი, არსებული რეალობიდან გამომდინარე, საკუთარი თავის, გულშემატკივრის და თანაგუნდელების მოტყუება იქნებოდა იტალიასთან რომ მეთამაშა, რადგან ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში 100%-ით ვერ დავიხარჯებოდი. ამიტომ, გულდასაწყვეტიც არაფერია. ნაკრებში არიან მოთამაშეები, რომლებიც მაქსიმუმს გაიღებენ. მე მათ მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას და იმედს ვიტოვებ, რომ ბათუმში ყველანი ერთად გავხდებით ისტორიული თამაშის მომსწრენი.

- ცოტა ხნის წინ ‘მონპელიეს’ დაემშვიდობე, სადაც მთელი სარაგბო კარიერა გაატარე…

- მეგონა რომ ამისათვის მზად ვიყავი, მაგრამ გაცილების მომენტი ჩემთვის მაინც ძალიან რთული აღმოჩნდა. ამ გუნდმა ბევრი რამ მომცა, თუმცა მეც არასდროს დამიზოგავს თავი. ზოგჯერ ზედმეტიც მომდიოდა და ახლა ვფიქრობ, რომ შეიძლება ასეთი თავგანწირვა არც იყო საჭირო. ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც ტრავმა მქონდა და ტკივილგამაყუჩებლით გავდიოდი მოედანზე. ხვალ რომ ‘მონპელიეში’ აღარ ვიქნები ამაზე გული არ მწყდება, მაგრამ შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო.

მესმის, რომ ასეთი მაღალი დონის ტურნირში ყველა მწვრთნელს ჭირდება 100% მზადყოფნაში მყოფი მოთამაშე, მაგრამ გული მწყდება რამდენიმე ადამიანის უყურადღებობაზე. როდესაც ყველაფერი კარგად იყო მეუბნებოდნენ, რომ უჩემოდ ‘მონპელიე’ ვერ წარმოედგინათ და ვერც მე წარმოვედგინეთ სხვა გუნდის კვართით, მაგრამ მერე, როდესაც ტრავმები ერთმანეთს მიება თვალს მარიდებდნენ. მე არ ვითხოვდი კონტრაქტს, უბრალოდ არ მინდოდა ჩემს მიმართ მათი დამოკიდებულება შეცვლილიყო. ნებისმიერ შემთხვევაში, მე ამ გუნდზე შეყვარებული ვარ და ის მუდამ დარჩება ჩემს გულში.

რაც შეეხება გულშემატკივარს, ინტერვიუებით და მოედანს მიღმა ცხოვრებით არასდროს მიმიქცევია ზედმეტი ყურადღება. ეს არასდროს მსიამოვნებდა. უბრალოდ ვცდილობდი მეთამაშა და მეჩვენებინა რა შემეძლო. რატომღაც მეგონა, რომ ჩემი წასვლით გული არავის დაწყდებოდა და სასიამოვნოდ გამაკვირა იმ თბილმა სიტყვებმა, რაც უამრავი ადამიანისგან გაცილების დღეს მოედნის დატოვებისას მოვისმინე. ძალიან დიდი მადლობელი ვარ თითოეული გულშემატკივრის და ეს დღე არასდროს დამავიწყდება.

ასევე არასდროს დამავიწყდება თანაგუნდელების უდიდესი პატივისცემა, სიყვარული და დაფასება. წელს ‘მონპელიე’ ტოპ 14-ის ჩემპიონი გახდა, თუმცა ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ამ ტიტულს ჩემს თავზე ვერ ვიღებ. სეზონის განმავლობაში არაერთ უმნიშვნელოვანეს მატჩში მივიღე მონაწილეობა, რომლებშიც გამარჯვების შედეგად ‘მონპელიემ’ რეგულარული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და პირდაპირ ნახევარფინალში გავიდა. რომ არა ეს გამარჯვებები, შეიძლება ჩემპიონობაც არ ყოფილიყო, თუმცა ჩემთვის ტიტულზე უფრო დიდი გამარჯვება სწორედ თანაგუნდელების მხრიდან დაფასება, სიყვარული და თანადგომა იყო, რასაც მთელი სეზონის განმავლობაში ვგრძნობდი. ვერ ვიტყვი, რომ წელს სასიამოვნო სეზონი მქონდა, მაგრამ ძალიან კარგი გამოცდილება შევიძინე, რაც მომავალში აუცილებლად გამომადგება.

RUGBY.GE

0.116173