ჩოგბურთი

0:57 | 7.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ ნადალმა ტკივილსაც აჯობა და ტეილორ ფრიცსაც

ესპანელი ჩოგბურთელი უკვე ნახევარფინალშია. მან ურთულეს ბრძოლაში შეძლო ამერიკელი მე-11 ნომრის, ტეილორ ფრიცის დამარცხება. შეხვედრის ბედი მეხუთე სეტის ტაიბრეიკზე გადაწყდა - 3-6, 7-5, 3-6, 7-5, 7-6 (10-4). რაფაელ ნადალს ორი ნაბიჯიღა დარჩა ამ სეზონში დიდი სლემის მესამე ტიტულის მოპოვებამდე.

ნადალს ფრიცის დასამარცხებლად ოთხი საათი და 20 წუთი დასჭირდა. მუცლის პრესის ტკივილის გამო, მან შუა შეხვედრისას, თამაშის შეწყვეტაც კი დააპირა. მაგრამ ტკივილს აჯობა, კორტზე დაბრუნდა და საქმე ბოლომდე მიიყვანა. მისი მომდევნო მეტოქე კი სკანდალური ავსტრალიელი ნიკ კირგიოსია.

ფრიცმა ნადალს ინდიან ველსის ფინალში მოუგო და ესპანელის 20-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. ამჯერად თამაში ნადალის უპირატესობით დაიწყო - ესპანელმა მალევე შეძლო მეტოქის მოწოდების აღება. მაგრამ როცა ფრიცი 1-3, 0-30 აგებდა, სწორედ აქედან დაიწყო შემობრუნება - მან ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო და სეტიც ტავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტის წინ, ნადალს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, რა დროსაც, მამამ დაჟინებით ურჩია თამაში შეეწყვიტა. მაგრამ უიმბლდონის ორგზის ჩემპიონმა გაგრძელება გადაწყვიტა. მეორე სეტის მე-12 გეიმში მან ბრეიკი აიღო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მუცლის კუნთის ტკივილის გამო, ნადალს მოწოდების შესრულება უჭირდა. ამერიკელმ ორჯერ მიაღწია ბრეიკს და სეტებში 2-1 დაწინაურდა. მაგრამ ნადალი ისევ არ დანებდა. მეოთხე სეტში მეტოქეებმა ორ-ორჯერ გაცვალეს ბრეიკები, ბოლოს კი ესპანელმა კიდევ ერთხელ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება და ანგარიში ისევ გაათანაბრა.

გადამწყვეტი სეტის მეშვიდე გეიმში, ნადალმა მეოთხე ბრეიკ პოინტი ქულად აქცია და დაწინაურდა. ამაზე ფრიცმა ბრეიკითვე უპასუხა და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა. ნადალი 5-0 დაწინაურდა, შემდეგ ხანგრძლივი გათამაშება მოიგო, რომლის დროსაც, მეტოქეებმა 25 დარტყმა შეასრულეს. და საბოლოოდ, მეორე მატჩ პოინტის მოგებით, ნადალმა შეხვედრასაც წერტილი დაუსვა.

0.129436