ფეხბურთი

14:23 | 6.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ნოზაძე: "ჩვენი მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ"

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალო“ ტირანას „პარტიზანს“ დაუპირისპირდება და მატჩის წინ თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ პრესკონფერენცია გამართა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, გუნდი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მაქსიმალურად ყველაფერს გააკეთებს.

„ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე გავლენ, წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებენ და წარმატება მომდევნო ეტაპზე გასვლა იქნება. ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. სულ ახლახან დაგვიბრუნდნენ გიორგი ჯინჯოლავა და გურამ გოშთელიანი. არ ვფიქრობ, რომ რახან საპასუხო მატჩი სტუმრად გვაქვს, ამით მეტოქეს რაიმე უპირატესობა აქვს, ხშირ შემთხვევაში პირიქით ხდება.

„გაგრასთან“ 3:1-ს ვიგებდით და ბოლო წუთებში კონცენტრაციის ნაკლებობამ იჩინა თავი, შეიძლება დაღლილობაც იყო, რადგან ძალიან ცოტა დრო გვქონდა ძალების აღსადგენად და ამით ისარგებლა „გაგრამ“ და ბოლო წუთებში ორი გოლი გაგვიტანა.

იყო მოლაპარაკება ორ უკრაინელ ფეხბურთელთან, ბოლომდე იყო თითქმის მისული ყველაფერი, მაგრამ ვერ მოხერხდა მათი ჩამოყვანა. კიდევ მიმდინარეობს ქართველ ფეხბურთელებთან და იმედი მაქვს, რომ ისინი მომდევნო მატჩისთვის შემოგვიერთდებიან და გაგვაძლიერებენ.

„პარტიზანმა“ 9 ახალი ფეხბურთელი დაიმატა, ამხანაგური მატჩები ჩაატარა, გავაანალიზეთ მათი თამაში. ძალისმიერი გუნდია, ფიზიკურად ძლიერები არიან, თუმცა, მაღალ პრესინგს არ თამაშობენ და ძირითადად საკუთარ ნახევარზე იცავენ თავს და ცდილობენ კონტრშეტევაზე ითამაშონ. ჩვენი მიზანი იქნება, ბურთი გვქონდეს და საგოლე მომენტები, რომელიც მოგვეცემა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ“, - თქვა ნოზაძემ.

პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრა „საბურთალოს“ ფეხბურთელმა იური ტაბატაძემ, რომელმაც თქვა, რომ მიზანი გამარჯვებაა:

„რთული მატჩი იქნება და მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა ვიყოთ, რადგან ნებისმიერ მომენტში შეიძლება რაღაც მოხდეს. აქვე, ყველა ქართულ გუნდს ევროტურნირებზე წარმატებებს ვუსურვებ. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, მწვრთნელები, რასაც გვავალებენ, ვაკეთებთ და მაქსიმალური შედეგი, რა თქმა უნდა მოგება იქნება“, - აღნიშნა ტაბატაძემ.

შეგახსენებთ, რომ „საბურთალოსა“ და „პარტიზანის“ მატჩი 7 ივლისს, გორში, 20:00 საათზე გაიმართება.

0.128125