„დინამო ბათუმის“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ „სლოვანთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქე, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად ძლიერია. გეგუჩაძე დარწმუნებულია, რომ ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება.
"უდავოდ ძლიერი მეტოქე გვყავს, რომელსაც როგორც ინდივიდუალურად გამორჩეული ფეხბურთელები ჰყავს და ისე გუნდურადაც ძლიერია. ჩვენ ყოველთვის გვაქვს გამარჯვების სურვილი. ორრაუნდიანი დაპირისპირებაა და ვფიქრობ, საბოლოო შედეგი ბათუმში უნდა დაფიქსირდეს. ალბათ, ყველაზე კარგი შემფასებელი მინდორი და თამაშია, ამიტომ, გამოჩნდება რამდენად შეიძლება უპირატესობა გვქონდეს.
არ ვიცი, იმ შემადგენლობით ვითამაშებთ თუ არა, რომლითაც „დინამო თბილისთან“ ვითამაშეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩია და დამატებითი სტიმულიც არის. ალბათ, ეს თამაში ჩვენი ძალების სწორად შეფასების საშუალებას მოგვცემს.
მე და ვაისი ერთ დროს ასე რომ ვთქვათ, თანამშრომლებიც ვიყავით, ის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახლდათ, მე იმ პერიოდში 21-წლამდე ნაკრებში ვიყავი და მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდა, რაც ბუნებრივი პროცესი იყო და მაშინ საკმაოდ დავახლოვდით. დღეს ჩემი ოპონენტია და ის ფეხბურთელები, რომლებთანაც ძალიან ახლო კავშირი გვაქვს, „სლოვანის ღირსებას“ დაიცავენ, შეიძლება, ეს ჩვენთვის კარგიც იყოს. გვიხარია, რომ ისინი სლოვაკურ გუნდში წარმატებით თამაშობენ, მაგრამ ჩვენც გვინდა ჩვენი დავამტკიცოთ და წმინდა საფეხბურთო დაპირისპირებაა“, - თქვა გეგუჩაძემ.
შეგახსენებთ, რომ „სლოვანისა“ და „დინამო ბათუმის“ მატჩი დღეს თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება.