ჩოგბურთი

1:39 | 6.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტუნისელი ჟაბური უიმბლდონის ნახევარფინალშია

უიმბლდონზე მესამე ნომრად განთესილმა ტუნისელმა ონს ჟაბურმა, ტურნირის მეოთხედფინალში ჩეხი მარი ბუზკოვა 3-6, 6-1, 6-1 დაამარცხა და კარიერაში პირველად ითამაშებს დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში.

მას შემდგ, რაც საფრანგეთის ღია პირველობას პირველივე წრეში გამოეთიშა, ჟაბურმა ბალახის კორტებზე ზედიზედ 10 თამაში მოიგო და ბერლინის ტურნირის ჩემპიონი გახდა. უიმბლდონის წინ, მას რეიტინგში მეორე ადგილი ეკავა. მისი მომდევნო მეტოქეა გერმანელი ტატიანა მარია, ვინც თანამემამულე ჯული ნიმაიერი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ჟაბური მარიასთან მეგობრობს.

ტუნისელი ამბობს, რომ „ბარბექიუს მეგობარ“ მარიასთან თამაში რთული იქნება. გერმანელმა მეორე შვილი გააჩინა და კორტს ახლახანს დაუბრუნდა. და ისიც კარიერაში პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში. მარიასთვის მიმდინარე უიმბლდონი, დიდი სლემის სერიის 47-ე ტურნირია.

„ტატიანა და მისი ოჯახი ძალიან მიყვარს. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. მიხარია, რომ მან ნახევარფინალში გასვლა შეძლო. მას ადრე ყოველთვის უჭირდა დიდი სლემის ტურნირებზე თამაში. მაგრამ ახლა, როცა უკვე ორი შვილის დედაა, ნახევარფინალშია. ეს მართლაც საოცარი ისტორიაა“, - ამბობს 27 წლის ჟაბური, ვინც პირველი არაბი ჩოგბურთელია დიდი სლემის ტურნირების ნახევარფინალში. მას შანსი აქვს, გახდეს პირველი ჩოგბურთელი აფრიკიდან, ვინც დიდ ტურნირს მოიგებს.

ჟაბურმა უიმბლდონის მეოთხედფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშა. აქამდე მას სეტიც კი არ ჰქონდა წაგებული. თამაშის დასაწყისში, ტუნისელი ხშირად ცდლობდა ბადსთან გასვლებს, მაგრამ 23 წლის ბუზკოვამ სწრაფად აუღო ალღო და ამით ისარგებლა კიდეც. ჟაბურს მეტოქის დაცვის გარღვევა გაუჭირდა. მეხუთე გეიმში კი ჩეხმა ბრეიკს მიაღწია. მანვე მეცხრეში ეს მიღწევა გაიმეორა და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

წაგებამ ჟაბური გამოაფხიზლა და მან აგრესიას უმატა. და საწადელს მეორე სეტის პირველივე გეიმში მიაღწია. ამ წარმატებამ ის თამაშში დააბრუნა და ჟაბურმა კიდევ ორჯერ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება.

მესამე სეტში ბუზკოვას ხანგრძლივი პაუზა დასჭირდა. მაგრამ კორტზე დაბრუნების შემდეგ, ამას არაფერი შეუცვლია. ჩეხი, ვინც აქამდე დიდი სლემის მეორე წრის იქით არასდროს გასულა, მესამე სეტის მეორე გეიმს მშრალად (40-0) იგებდა, მაგრამ ჟაბურმა მომდევნო ხუთი გათამაშება მოიგო და ბრეიკს მიაღწია. ამას თავის მოწოდბაზე გეიმის მშრალად მოგება მოაყოლა და მალე 4-0 დაწინაურდა. აქ ბუზკოვამ ერთი საპასუხო ბრეიკის აღება შეძლო. მაგრამ თამაშის შემობრუნბა არ გამოუვიდა. მომდვნ გეიმშივე ჟაბურმა ბრეიკითვე უპასუხა და მეშვიდე გეიმში შეხვედრას წერტილი დაუსვა.

0.123409