ესპანურმა „ვალენსიამ“ 2022-2023 წლების სეზონისთვის მზადება დაიწყო და გუნდს გიორგი მამარდაშვილიც შეუერთდა.
ქართველმა მეკარემ სამედიცინო შემოწმება გაიარა და საწვრთნელ პროცესში ჩაება. ფეხბურთელთა უმეტესმა ნაწილმა უკვე ივარჯიშა, პირველად ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით. ვარჯიში „ვალენსიას“ ბაზაზე ღია იყო და მას გულშემატკივრებიც დაესწრნენ.
ესპანური გამოცემა As-ი წერს, რომ ახალ სეზონში მეკარეებიდან აქცენტი 21 წლის მამარდაშვილზე გაკეთდება, ხოლო იასპერ სილესენი კლუბიდან წასვლის რეალური კანდიდატია. ნიდერლანდელს მსოფლიოს ჩემპიონატის წინ მუდმივი სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს და ახალ გუნდს ეძებს, მას ხელს არც ესპანური კლუბი შეუშლის, რადგან სილესენი მაღალ ხელფასს იღებს და თუ გუნდს დატოვებს, „ვალენსიას“ სახელფასო ბიუჯეტში სოლიდური ადგილი გაუთავისუფლდება.
ესპანეთის ლა ლიგის პირველ ტურში „ვალენსია“ 14 აგვისტოს, „მესტალიაზე“ „ჟირონას“ უმასპინძლებს. მანამდე ჯენარო გატუზოს გუნდი ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს, მათ შორის, „დორტმუნდთან“, „ატალანტასთან“, „შტუტგარტთან“ და „ნოტინგემ ფორესტთან“.