ავტოსპორტი

2:46 | 5.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი - „მერსედესი“ გამარჯვებას მიუახლოვდა

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა ბრიტანეთის დიდი პრიზის რბოლის შემდეგ განაცხადა, რომ „მერსედესმა“ ფორმულა 1-ის მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერებთან, „ფერარისთან“ და „რედ ბულთან“ ჩამორჩენა შეამცირა და შესაძლოა, შორს არაა ის დრო, როდესაც კვლავ გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

ჰამილტონმა სილვერსტოუნზე რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა. ეს ამ ტრასაზე მე-13 ფინიშია კვარცხლბეკზე, რაც რეკორდია. ამასთან, ის ამ სეზნში პირველად ედგა რბოლას სათავეში და პირველად დააფიქსირა უსწრაფესი წრე, რისთვისაც ბონუს ქულა დაიმსახურა.

კონსტრუქტორთა ჩემპიონატის მოქმედ ჩემპიონ „მერსედესის“ მანქანას პრობლემას უქმნის ხტუნვის ეფექტი, რაც ჰამილტონს და მის ახალგაზრდა თანაგუნდელ ჯორჯ რასელს, გამარჯვებისთვის ბრძოლის საშუალებას არ აძლევს. გუნდმა სილვერსტოუნისთვის რამდენიმე სიახლე შეიმუშავა, რამაც მანქანის მუშაობა გააუმჯობესა. შედეგად, ჰამილტონმა უბრალოდ მესამე ადგილი კი არ დაიკავა, ის მეტოქეებს ებრძოლა კიდეც და მათი გასწრებაც კი შეძლო.

„ჩვენ მათ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით. ასე უნდა გავაგრძელოთ. ფაქტი იმისა, რომ ჩვენ მათი დევნა და ბრძოლაც კი შევძელით, იმის დადასტურებაა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. მარტო იმისთვისაც მადლობელი ვარ, რომ ბრძოლა შევძელი. დიდი ხანია, ამის საშუალება არ მქონია“, - განაცხადა ჰამილტონმა.

ბრიტანელმა პილოტმა, გასულ 10 რბოლაში კვარცხლბეკზე ასვლა მესამედ შეძლო. მაგრამ უკვე ზედიზედ 11 რბოლაა, მას ერთი გამარჯვებაც არ მოუპოვებია, რაც 2007 წლის სეზონის შემდეგ პირველად ხდება. თანაც, ის სეზონი მისთვის სადებიუტო იყო.

„რბოლისას კარგი ტემპი გვქონდა. რბოლის რაღაც მონაკვეთში, „ფერარის“ ტემპში ვიარე და რაღაც მომენტებში, უკეთესი ტემპიც მქონდა. უსწრაფესი დროც მე დავაფიქსირე. აშკარაა, რომ სარბოლო ტემპის მხრივ, უკეთ გამოვიყურებით. არ მგონია, ჯერ მოსაგებ პოზიციაში ვიყოთ. მაგრამ ფაქტია, რომ შორსაც არ ვართ“, - დასძენს ჰამილტონი.

0.133448