საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლა და ძალზე დამარტულ ბრძოლაში გაიმარჯვა!
აღსანიშნავია, რომ თამაში "თბილისი არენაზე", ახალ დარბაზში გაიმართა და ისტორიაში პირველი შეხვედრა ევრობასკეტისთვის აგებულ დარბაზში შეიძლება ითქვას, დაუვიწყარი გამოვიდა.
საქართველოს ნაკრებმა თამაში კარგად დაიწყო, საწყის ორ პერიოდში მეტოქეს აჯობა და დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი უპირატესობით გავიდა. თუმცა, მესამე პერიოდში ესპანეთში დაცვაში ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა და პერიოდი 16:7 მოიგო, შესაბამისად, დაწინაურდა. სამაგიეროდ, მეოთხე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა თავისი თამაში იპოვა და ჩამორჩენა გააბათილა.
საქართველოს ნაკრები ძალიან ახლოს იყო ჯერ კიდევ ძირითად დროში გამარჯვებასთან, ძალიან. შეხვედრის ბოლო წუთი მიმდინარეობდა, როცა ანგარიში 65:64 იყო ილიას ზუროსის გუნდის სასარგებლოდ და რატი ანდრონიკაშვილმა მეტოქეს ბურთი ჩაუჭრა და თავადვე დანქით დაასრულა - 67:64! გამარჯვებისკენ საქართველომ ამ ორი ქულით დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ საფინალო სირენამდე 18 წამით ადრე დარიო ბრიზუელამ სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა. საქართველოს ბოლო შეტევა ჰქონდა, რომლის დასრულება თორნიკე შენგელიამ სცადა, მაგრამ ვერ ჩააგდო და ძირითადი დრო 67:67 დასრულდა. შესაბამისად, ოვერტაიმი დაინიშნა.
მატჩის გმირი რატი ანდრონიკაშვილი გამოდგა. ქართველმა კალათბურთელმა ჯერ ძირითადი დროის მიწურულს ჩააგდო უმნიშვნელოვანესი 2 ქულა, ოვერტაიმში კი შეუჩერებელი გახდა და ცალსახად დამატებითი 5-წუთეულის საუკეთესო მოთამაშე გახლდათ. რატიმ ოვერტაიმში 2 სამქულიანი და 1 ორქულიანი ჩააგდო და ამ 8 ქულით მატჩში გარდამტეხი წვლილი შეიტანა. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო თამაშის დასრულებმადე 33 წამით ადრე თად მაკფადენის სამი ქულა, რომელმაც ანგარიში 80:76 გახადა! თადმა 15 წამის შემდეგ ორი საჯარიმოც ჩააგდო და საქართველოს ნაკრებმა 82:76 მოიგო!
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 18 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა, ხოლო თას მაკფადენმა 16 ქულას 8 პასი დაამატა. ორმაგი დუბლი გაიფორმა და სამმაგ დუბლამდე ბერი არ დაკლებია თორნიკე შენგელიას, რომელმაც 12 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი დააგროვა.
ცალკე უნდა ვთქვათ, რატი ანდრონიკაშვილზე, რომელმაც 17 ქულა შესძინა გუნდს! მათ შორის, 8 ოვერტაიმში. რატიმ მართლაც შეუდარებლად ითამაშა და ყველაზე რთულ მომენტში თამაში საკუთარ თავზე აიღო. უნდა გამოვყოთ ბექა ბექაური, რომელმაც 5 ქულა მოიპოვა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ 3 დაფარება მიითვალა. და კიდევ, დუდა სანაძეც ვახსენოთ, რომელიც ახალ დარბაზში პირველი შედეგიანი სროლის ავტორი გახდა. სწორედ მისი სამქულიანით გაიხსნა „თბილისი არენას“ ისტორია.
ესპანეთის ნაკრებს 14 ქულით ხაბი ლოპეს აროსტეგიმ ულიდერა, 12 ქულა ჩააგდო დარიო ბრიზუელამ, 11 ქულით გამოირჩა ჟოელ პარა, ხოლო 10-10 ქულა მიითვალეს ფერან ბასასმა და ფრან გუერამ. ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ გუნდურ სახეობაში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი საქართველომ პირველად დაამარცხა.
ამრიგად, საქართველომ პირველი ჯგუფური ეტაპი 4 მოგებით და 2 წაგებით დაასრულა, თუმცა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვებები გაბათილებულია. ამიტომ, მეორე ჯგუფურ ეტაპზე ილიას ზუროსის გუნდი 2 მოგებით გადავიდა. მეორე ჯგუფური ეტაპის საწყისი ორი მატჩი მიმდინარე წლის 24 და 27 აგვისტოს გაიმართება (მეტოქეები ჯერ უცნობია), ზედ ევროპის ჩემპიონატის წინ. მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები თბილისში, ბელგიის, ესპანეთის, თურქეთის, ბულგარეთისა და მონტენეგროს ნაკრებებს შეხვდება (1 სექტემბრიდან 7 სექტემბრამდე).
საქართველო - ესპანეთი 82:76 (15:14, 22:17, 7:16, 23:20, 15:9)