რაგბი

19:57 | 3.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ცუდი მეორე ტაიმი და მარცხი არგენტინა XV-თან

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ივლისის სერიები წარუმატებლად დაიწყო და ქუთაისში არგენტინის XV ნაკრებთან დამარცხდა.

არადა, ლევან მაისაშვილის გუნდმა თამაში ძალიან აქტიურად დაიწყო და პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩაატარა, მაგრამ მეორე ნახევარში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. პირველ ნახევარში დავით ნინიაშვილმა და თედო აბჟანდაძემ ორი ლელო მიითვალეს და ორივე აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა. არგენტინელებმა ორ გარდასახულ ლელოს ორი ჯარიმით უპასუხეს და „ბორჯღალოსნებმა“ ტაიმი 14:6 მოიგეს.

მეორე ნახევრის სტარტზე გუნდებმა თითო ჯარიმა გაცვალეს, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა. საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა სამწუთიან ინტერვალში გაანიავა, როცა ორი ლელო გაუშვა (ორივე გარდასახვაც ზუსტი იყო) და სამხრეთამერიკელები დაწინაურდნენ. მატჩის მიწურულს არგენტინამ ჩვენი ნაკრების ჩათვლის მოედანს მესამედ უწია და გარდასახვა ისევ ზუსტი იყო - 17:30. თამაშის ბოლო წუთზე საქართველომ მოახერხა ერთი ლელოს დადება, მაგრამ დრო უკვე ამოწურული იყო და გაბრძოლებაც ვეღარ მოხერხდა. ამრიგად, მაისაშვილის გუნდი 24:30 დამარცხდა.

უნდა ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებმა ორი სრულიად განსხვავებული ტაიმი ჩაატარა და თუ პირველ ნახევარში ხარისხიანი თამაში აჩვენა, მეორე ტაიმი კრიტიკას ვერ უძლებდა.

„ბორჯღალოსნები“ ზაფხულის სერიების ეგიდით მეორე შეხვედრას 10 ივლისს, ბათუმში, იტალიის ნაკრებთან ჩაატარებენ. ცალსახაა, რომ „აძურისთან“ თამაშს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და საქართველოს ნაკრებს შეცდომის დაშვების უფლება ამჯერად არ ექნება.

საქართველო - არგენტინა XV 24:30 (14:6)

ქულები: 5:0 ნინიაშვილი (12), 7:0 აბჟანდაძე (13), 7:3 პრისკიანტელი (15), 12:3 აბჟანდაძე (32), 14:3 აბჟანდაძე (33), 14:9 პრისკიანტელი (48), 17:9 აბჟანდაძე (57), 17:14 სოცინო (58), 17:16 ალბორნოსი (58), 17:21 რუისი (61), 17:23 ალბორნოსი (61), 17:28 ბერნასკონი (73), 17:30 ალბორნოსი (72), 22:30 ჭეიშვილი (80), 24:30 აბჟანდაძე (80)

0.2231