ჭიდაობა

0:33 | 3.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო და 4 ფინალისტი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე!

იტალიის დედაქალაქ რომში ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში მიმდინარეობს და საქართველოს ნაკრები ბრწყინვალედ ასპარეზობს.

79 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ოთარ ადეიშვილმა, რომელმაც ფინალი სომეხ მურსეგ მკრტიჩიანთან 4:9 წააგო. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ლუკა ღვინჯილიამ (57 კგ), ლუკა ჯანეზაშვილმა (65 კგ) და ლუკა ხუჭუამ (97 კგ).

თუმცა, ეს ყველაფერი არაა. დარჩენილ ხუთი წონითი კატეგორიიდან ოთხში ქართველი ფინალშია! კვირას ოქროს მედლებისთვის დავით აბდალაძე (61 კგ), დავით კოღუაშვილი (86 კგ), ანდრო მარგიშვილი (92 კგ) და მერაბ სულეიმანიშვილი (125 კგ) იბრძოლებენ.

აბდალაძის მეტოქე ფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ხამზატ არსამერზოევი იქნება, კოღუაშვილი ასევე საფრანგეთის სახელით მოასპარეზე რახიმ მაგამადოვს შეხვდება, მარგიშვილის მეტოქე მოლდოველი იონ დემიანია, ხოლო სულეიმანიშვილი სომეხ ლიოვა გევორქიანს გაეჯიბრება.

74 კგ წონით კატეგორიაში ნახევარფინალში ბოლო წამზე წააგო ლუკა ჩხიტუნიძემ მოლდოველ გეორგი სარასთან და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე 10 მოჭიდავით წარდგა, 4 მედალი უკვე აქვს (1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო), ხოლო 5 მედლის მოპოვების შანსი არსებობს. აქედან 4 ფინალისტია, რაც ნიშნავს, რომ კიდევ 4 მედალი უკვე გარანტირებულია.

0.1189