სხვა

10:27 | 2.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტურ დე ფრანსი მოულოდნელი შედეგით დაიწყო

დღეს კოპენჰაგენში (დანია) სტარტი აიღო პოპულარულმა ველომარათონმა ტურ დე ფრანსმა, რომლის პირველი ეტაპი, 13.2-კილომეტრიანი დროზე ინდივიდუალური რბოლა იყო. და ის ბევრისთვის მოულოდნელად, ბელგიელი ივს ლამპერტის გამარჯვებით დასრულდა. მან ფავორიტ თანამემამულე ვუტ ვან აერტს, სულ ხუთი წამით აჯობა.

რბოლის შედეგებზე გავლენა ამინდმა იქონია. წვიმასი და სველ ტრასაზე, ველომრბოლების ტემპი დაეცა. მაგრამ ფავორიტებმა მაინც შეძლეს მეტნაკლებად კარგი დროის დაფიქსირება. მათ შორისაა ტურის ორგზის ჩემპიონი, სლოვენიელი ტადეი პოგაჩარი, ვინც გამარჯვებულს 7 წამით ჩამორჩა და კვარცხლბეკის მესამე საფეხური დაიკავა.

„მე დიდი ვურ ვან აერტი დავამარცხე. ეს წარმოუდგენელია. ამას არასდროს ველოდი. ახლა კი არ მესმის, ეს როგორ შევძელი. ეს ტურ დე ფრანსია, სადაც საუკეთესოები ასპარეზობენ და მე მათ შორის ლიდერი ვარ“, - ყვება გახარებული ლამპერტი.

ველომრბოლებს განსაკუთრებით სველ ქვაფენილზე გადაადგილება უჭირდათ. ასეთ მონაკვეთებზე რამდენიმე მათგანი დაეცა კიდეც. რისკებს მოერიდა დროზე რბოლაში ოლიმპიური ჩემპიონი, სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩი, ვინც სამეულში ვერ მოხვდა.

გამარჯვებულს 25 წამით ჩამორჩა კიდევ ერთი ფავორიტი, ტურის 2018 წლის ჩემპიონი ბრიტანეთიდან გერეინ თომასი.

რბოლის დაწყებამდე, პოლიციამ გუნდ „ბაჰრეინ ვიქტორიოუსის“ ავტობუსი გაჩხრიკა, რაც დოპინგთან დაკავშირებული ბრალდების საქმის ფარგლებში მოხდა. გარდა ამისა, პოლიციამ ველომრბოლების საცხოვრებლებიც გაჩხრიკა.

0.121203