ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო ბათუმის“ მეტოქე „სლოვანი“ ძლიერდება. ვლადიმირ ვაისის გუნდმა კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა - 23 წლის ერიკ რამირესი. ვენესუელელი თავდამსხმელი სლოვაკეთის ჩემპიონს კიევის „დინამოდან“ იჯარით შეუერთდა.
რამირესი კიეველებმა 2021 წელს იყიდეს, მაგრამ უკრაინაში ფეხი ვერ მოიკიდა. მან გასული სეზონი იჯარით ხიხონის „სპორტინგში“ გაატარა, ხოლო მანამდე „სენიცასა“ და „დუნაისკა სტრედას“ ღირსებას იცავდა.
გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ „სლოვანმა“ გამოცდილი ნახევარმცველი იურაი კუცკა და სიმენ ვუტი დაიმატა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და უახლოეს ხანებში დადასტურდება.
შეგახსენებთ, რომ „სლოვანი“ „დინამო ბათუმს“ 6 ივლისს უმასპინძლებს, ხოლო 13 ივლისს გუნდები ბათუმში დაუპირისპირდებიან.