ფეხბურთი

16:44 | 1.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი წიტაიშვილი პოლონეთის ჩემპიონში გადავიდა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი პოზნანის „ლეხში“ ითამაშებს. ინფორმაცია პოლონური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

წიტაიშვილი „ლეხს“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა და 14-ნომრიანი მაისური გადასცეს. გიორგის კიევის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს და უკრაინულ გუნდთან ერთად შვეიცარიაში შეკრებაზეც იყო, მაგრამ პოლონეთიდან შეთავაზების მიღების შემდეგ შვეიცარია დატოვა და პოზნანში სამედიცინო შემოწმებისთვის ჩავიდა, რომელიც წარმატებით გაიარა.

„გიო ის ფეხბურთელია, რომელმაც ჩვენი ლიგა გაზაფხულზე გაიცნო და თავისი კარგი მხარე წარმოაჩინა. მას დინამიური თამაში და დრიბლინგები ახასიათებს, მარცხენა ფეხით კარგი დარტყმა აქვს. მიუხედავად პატარა ასაკისა, ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია და საქართველოს ნაკრებში თამაშობს. ახლა მის კარგ თამაშს ჩვენს გუნდში ველოდებით“, - თქვა „ლეხის“ სპორტულმა დირექტორმა ტომაშ რზასამ.

კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ კომენტარი ქართველმა ფეხბურთელმაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ლეხში“ ტიტულების მოგება უნდა:

„გარემარბი ვარ, მაგრამ ნაკრებში ხანდახან დაცვის მარცხენა ფლანგზეც ვთამაშობ. რაც შეეხება ჩემს სათამაშო სტილს, საკუთარ თავზე ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, გულშემატკივარი მოედანზე მნახავს. ჩემთვის მთავარია გუნდის გამარჯვებები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მოხდეს. დიდი ამბიციები მაქვს. ჩემთვის „ლეხი“ ტოპკლუბია, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვითამაშებთ და მინდა გუნდს დავეხმარო, პოლონეთის ჩემპიონატი მოვიგო, რადგან მინდა ჩემს მიღწევებს კიდევ ერთი ტიტული დავამატო“, - განაცხადა წიტაიშვილმა.

21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გასული სეზონის ბოლო ნაწილიც პოლონურ ექსტრაკლასაში გაატარა, სადაც კრაკოვის "ვისლას" ღირსებას იცავდა და რომლის მაისურით 7 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. მას იჯარით ასევე უთამაშია პოლტავას „ვორსკლასა“ და ოდესის „ჩერნომორეცში“, ხოლო საქართველოს ნაკრებში 2021 წლიდან 10-ჯერ ითამაშა და თავი 2 საგოლე პასით გამოიჩინა. წიტაიშვილი 2019 წელს, უკრაინის 20-წლამდე ნაკრების რიგებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და მაშინ ფინალში, სამხრეთ კორეასთან მოგებულ მატჩში (3:1) გოლის გატანაც მოახერხა.

აქვე გეტყვით, რომ პოზნანის „ლეხი“ პოლონეთის მოქმედი ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ „ყარაბაღს“ შეხვდება. აღსანიშნავია, რომ პოლონურ გუნდში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს - ნიკა კვეკვესკირი.

0.127636