ფეხბურთი

18:22 | 30.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "არ შეიძლება, ეროვნული ნაკრების თამაშზე 8-ათასიანი სტადიონი არ ივსებოდეს"

კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ქეცბაია ოფიციალურად წარადგინეს და 54 წლის სპეციალისტმა კონტრაქტს, რომელიც ძალაში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლომდე იქნება, ხელი მოაწერა.

ქეცბაიას კვიპროსის ნაკრების გაწვრთნაში სოსო ჭედია დაეხმარება, რომელიც მისი ასისტენტი იქნება. ქართველმა სპეციალისტმა პირველი კომენტარიც გააკეთა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ეს შესაძლებლობა მომცა. ფედერაციის პრეზიდენტს და ყველა თანამშრომელს. კვიპროსის ნაკრების მწვრთნელობა დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. იმედი მაქვს, რომ ყველა მოლოდინს გავამართლებ. წინ მთელი წელი გვაქვს და მომდევნო ორ თამაშში მიზანი იქნება თავიდან ავირიდოთ ერთა ლიგის D დივიზიონის პლეი-აუტი.

ხალხი ბევრს ელოდება ეროვნული ნაკრებისგან, მაგრამ ფეხბურთელებიც ელოდებიან მათ სტადიონზე. შეუძლებელია გუნდებმა სტადიონზე 10-15 ათასი გულშემატკივარი მიიყვანონ და ეროვნული ნაკრების თამაშზე 8-ათასიანი სტადიონი არ ივსებოდეს. ვიმედოვნებთ, რომ ეს შეიცვლება. ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის და მთელი კვიპროსის გასახარებლად“, - თქვა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, თემურ ქეცბაიამ ბერძენი ნიკოს კოსტენუღლუ შეცვალა და კვიპროსის ნაკრებში დებიუტი 24 სექტემბერს, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ექნება. კვიპროსის ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონი წარუმატებლად დაიწყო და 4 მატჩში მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა. 54 წლის ქეცბაია სანაკრებო დონეზე მეორედ იმუშავებს, მანამდე ის 2009-2014 წლებში საქართველოს ნაკრებს ავარჯიშებდა. გარდა ამისა, თემურს „ანორთოსისში“, „ოლიმპიაკოსში“, ნიქოზიის „აპოელსა“ და „ორენბურგში“ უმუშავია. ქეცბაიამ „ანორთოსისთან“ ერთად ორ-ორჯერ კვიპროსის ჩემპიონატი და თასი, ერთხელ კი სუპერთასი მოიგო.

0.065039