ჩოგბურთი

10:28 | 30.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ონს ჟაბური უიმბლდონის მესამე წრეში გავიდა

უიმბლდონზე მესამე ნომრად განთესილმა ტუნისელმა ონს ჟაბურმა, მესამე წრეში თამაშის უფლება მოიპოვა. მეორე წრეში მან 6-4, 6-0 დაამარცხა პოლონელი კატარჟინა კავა, ვინც ძირითად ბადეში, საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით მოხვდა.

ჟაბურს (ფოტოზე) რეიტინგში მეორე ადგილი უკავია და უიმბლდონზეც ფავორიტთა შორის განიხილება. ეს მან ბერლინის WTA 500 სერიის ტურნირის მოგებით დაადასტურა. ეს ტურნირიც ბალახის კორტებზე ტარდება და უიმბლდონის წინ, მოსამზადებელი ეტაპია.

27 წლის ჟაბურმა, ვინც გასულ სეზონში, უიმბლდონზე მეოთხედფინალს მიაღწია, პირველ წრეში კვალიფიკაცია გამოვლილ შვედ მირიამ ბიორკლუნდს 54 წუთში მოუგო. და რთული შეხვედრა არც მეორე წრეში ჰქონია. სხვათა შორის, აქამდე 29 წლის კავასთან, ვინც რეიტინგში 91-ე ადგილზეა, ორჯერ ჰქონდა ნათამაშები და კორტი ორივეჯერ მოგებულმა დატოვა.

ჟაბურმა შეხვედრა აგრესიულად დაიწყო და ის მეტოქეს მრავალმხრივი დარტყმებით უტევდა. განსაკუთრებით შედეგიანი კი ხაზიდან თამაშისას იყო. თუმცა ვალში არც კავა რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში, თამაშის დასაწყისში, როცა პოლონელმა საპასუხო ბრეიკის აღება მოახერხა.

მაგრამ კავა, ვისაც ბალახზე აქამდე არ უთამაშია, მალე გატყდა. ეს მეცხრე გეიმში მოხდა, როცა ტუნისელმა მეორედ შეძლო მისი მოწოდების აღება. მომდვნ გეიმში კი ჟაბურმა სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტში კავას მხრის ტრავმამ შეახსენა თავი და ეს მის თამაშზეც აისახა. როცა ჟაბური 3-0 იგებდა, მის მეტოქეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. კავამ კორტზე დაბრუნება შეძლო, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ თამაში დაემთავრებინა.

0.10729