საქართველოს ეროვნული ლიგის მე-20 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „დინამო ბათუმმა“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და ლიდერობა განიმტკიცა.
ამ ტურამდე „დინამო თბილისი“ ზედიზედ ორი მოგებით მოვიდა და გიორგი ჭიაბრიშვილს დედაქალაქურ გუნდში შესანიშნავი სტარტი ჰქონდა - ორ თამაშში 6 ქულა და 10 გოლი. თუმცა, გამოჩნდა, რომ დღეისთვის „დინამო ბათუმი“ უფრო ძლიერი და ორგანიზებული გუნდია.
ცალკე უნდა აღინიშნოს „აჭარაბეთ არენაზე“ შექმნილი ატმოსფერო, რომლის ტრიბუნები გაივსო და საოცარი გარემო შეიქმნა. თამაშიც მაგარი გამოვიდა. ბევრი გოლით, ბევრი სახიფათო და ბევრი ლამაზი მომენტით. სამჯერ ბურთი ძელს მოხვდა, საკმაოდ ბევრჯერ ორივე გუნდის მეკარემ ითამაშა კარგად და ამის მიუხედავად 5 გოლი გავიდა. ერთი ეგაა, რომ დაძაბული თამაში ნაკლებად გამოვიდა, რადგან პირველივე ტაიმში პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყდა.
ჯოვინოს, სანდრო ალთუნაშვილისა და ბენჟამენ ტეიდის გოლებით ზღვისპირელებმა შესვენებამდე მოიპოვეს ხელჩასაჭიდი უპირატესობა, რომელიც მერე ხელიდან აღარ გაუშვიათ. მეორე ტაიმის დასაწყისში დავით სხირტლაძემ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა თბილისელებმა მეტი ვეღარ გაახერხეს. უფრო მეტიც, მატჩის მიწურულს ზურიკო დავითაშვილმა სამბურთიანი სტატუსქვო აღადგინა - 4:1.
ვთქვათ ისიც, რომ მატჩის შესვენებაზე ბათუმელმა ფანებმა ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ გააცილეს, რომელმაც თავის მხრივ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„დინამო ბათუმს“ 47 ქულა აქვს და „დინამო თბილისს“ უკვე 9 ქულით უსწრებს, რაც ნამდვილად დიდი უპირატესობაა. ახლა ეროვნულ ლიგაში ზაფხულის პაუზა დაიწყო და მომდევნო ტურში გუნდები 13 აგვისტოს ითამაშებენ - „დინამო ბათუმი“ გორის „დილასთან“, ხოლო „დინამო თბილისი“ ბოლნისის „სიონთან“.
თუმცა, ეროვნულ ლიგამდე ორივე გუნდის წინაშე უფრო დიდი გამოწვევაც დგას - ევროტურნირები. „დინამო ბათუმის“ პირველი მეტოქე ბრატისლავის „სლოვანი“ იქნება, ხოლო „დინამო თბილისის“ ესტონური „პაიდე“.
„დინამო ბათუმი“ – „დინამო თბილისი“ 4:1 (3:0)
ბათუმი, "აჭარაბეთ არენა"
მაყურებელი: 20 000
„დინამო ბათუმი“ (4-2-3-1): კუპატაძე; ჩაბრაძე (გაფრინდაშვილი 62), კობახიძე, აზაცკი, აზაროვი; ალთუნაშვილი (ბიძინაშვილი 81), ტეიდი (ფალავანდიშვილი 75); მამუჩაშვილი, დავითაშვილი, ჯიღაური (რადინი 62); ჯოვინო (ვაწაძე 81)
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
„დინამო თბილისი“ (4-2-3-1): პრიეტო; მალი, ბენიო, კალანდაძე (ხვადაგიანი 46), ხარაბაძე (ანტილევსკი 80); მექვაბიშვილი, მოსიწრაფიშვილი (სხირტლაძე 46); კირკიტაძე, ბარნსი, კამარა (ჩხეტიანი 65); ბილენკი (გაბედავა 73)
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გოლები: 1:0 ჯოვინო (17), 2:0 ალთუნაშვილი (25), 3:0 ტეიდი (43), 3:1 სხირტლაძე (59), 4:1 დავითაშვილი (90)
მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი