საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეცხრე ადგილისთვის იბრძოლებს. დეიან სტანოევიჩის გუნდმა მეცხრე ადგილის პლეი-ოფის ე.წ ნახევარფინალში როგორც მოსალოდნელი იყო, სამხრეთ აფრიკა, იოლად დაამარცხა - 20:7.
ქართველმა წყალბურთელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და მატჩის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვიათ. საქართველომ მეტოქეს ოთხივე პერიოდში აჯობა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრები 1 ივლისს, იაპონიას შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მეცხრე პოზიციაზე დაასრულებს, მეათე ადგილი კი გარანტირებული აქვს. ასე რომ, სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე 16 მონაწილიდან ათეულში მოხვედრა უდავოდ დადებითი შედეგია.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკამდე საქართველოს ნაკრებმა ბრაზილია დაამარცხა (14:10), ხოლო მონტენეგროსთან (9:10), უნგრეთთან (14:18) და ხორვატიასთან (7:13) წააგო.
საქართველო - სამხრეთ აფრიკა 20:7 (3:1, 5:1, 7:2, 5:3)
დღეს სხვა მატჩებიც გაიმართა: მეოთხედფინალში საბერძნეთმა აშშ 16:11, ხოლო ხორვატიამ სერბეთი 14:12 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდნენ. მეცხრე ადგილის პლეი-ოფში იაპონიამ ავსტრალიას 15:7 აჯობა და აზიელები საქართველოს შეხვდებიან, ხოლო მე-13 ადგილისთვის მატჩში გერმანიამ ყაზახეთი 16:7 დაამარცხა.