ფეხბურთი

19:07 | 29.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი: "ჯერჯერობით სერია A-ს მთავარი ტრანსფერი კვარაცხელიაა"

მოსკოვის „სპარტაკის“ მენეჯერმა და ფიფას აგენტმა ფრანკო კამოციმ იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ხვიჩა „ნაპოლისთვის“ შესანიშნავი შენაძენია, როგორც მომავლისთვის, ისე დღევანდელი დღისთვის.

კამოციმ თქვა, რომ კვარაცხელიას მხოლოდ ფიზიკურად მომატება სჭირდება, დანარჩენი კი ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს.

„ჯუნტოლის მშვენიერი ტრანსფერია, ლოზანოს ძალიან მაგონებს. თუ ის ფიზიკურად გაუმჯობესდება, შეუძლია დიდი პოზიტიური სიურპრიზი გახდეს. მას შეუძლია არაპროგნოზირებადობის გარანტიის მოცემა და ვიცი, რომ სპალეტი მას მისთვის საუკეთესო კონდიციებში ჩააყენებს. დაუყოვნებლივი აფეთქების მოლოდინი არ უნდა იყოს, ადაპტაციას გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან სერია A არ არის ისეთივე მარტივი ლიგა, როგორც რუსეთის ჩემპიონატი, მაგრამ ამ ბიჭს შესანიშნავი სტატისტიკა აქვს და „ნაპოლიმ“ დიდებული ტრანსფერი განახორციელა აწმყოსა და მომავლისთვის. ვიმეორებ: მისი ერთადერთი ნაკლი, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ფიზიკური მდგომარეობაა. თუ ფიზიკურად მოუმატებს, დიდ ფეხბურთელად იქცევა“, - თქვა კამოციმ.

გარდა ამისა, კვარაცხელიას შესახებ ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა სტეფანო იმპალომენიმაც ისაუბრა და 21 წლის ქართველს მიმდინარე ზაფხულში სერია A-ს მთავარი შენაძენი უწოდა.

„ჯერჯერობით მთავარი ტრანსფერი „ნაპოლიმ“ განახორციელა, რომელმაც ქართველი კვარაცხელია დაიმატა. ეს გულშემატკივრებს სიამოვნებას მიანიჭებს. ახალგაზრდაა, არ ვიცით, მოერგება თუ არა გუნდს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ძლიერია. შთამბეჭდავად თამაშობს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული როგორ გაივლის ადაპტაციას, როგორ მოერგება მწვრთნელსა და თანაგუნდელებს. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ უზარმაზარი ნიჭი აქვს“, - განაცხადა იმპალომენიმ.

0.120064