ჩოგბურთი

17:40 | 29.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

სერენა ჩინელ ტანთან პირველივე წრეში დამარცხდა

უიმბლდონს პირველივე წრეში გამოეთიშა მისი მრავალგზის ჩემპიონი სერენა უილიამსი. ამერიკელი 5-7, 6-1, 6-7(7) დამარცხდა ფრანგ დებიუტანტ ჰარმონი ტანთან. ეს მეორე შემთხვევაა, როცა სერენა უიმბლდონს პირველივე წრეში ემშვიდობება.

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სერენა უიმბლდონს ტრავმის გამო გამოეთიშა და მაშინ ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ბალახის დიდი სლემის ტურნირზე მისი ბოლო გამოსვლა იქნებოდა. მაგრამ 40 წლის ჩოგბურთელი უაილდ ქარდით დაბრუნდა. და რეიტინგში 115-ე ადგილზე მყოფ მეტოქესთან დამარცხდა.

მესამე სეტში, როდესაც 5-6-ზე აწოდებდა, სერენამ ერთი მატჩ პოინტის მოგერიება შეძლო და სეტი ტაიბრეიკზე გადაიყვანა. იქ ამერიკელი გამარჯვებასთან ახლოს იყო - 4-0 დაწინაურდა. მაგრამ ტანმა ოთხივე ქულა გაქვითა და თავად მიაღწია გამარჯვებას. გადამწყვეტ მომენტში, სერენას მიერ შესრულებულ ფორჰენდზე, ბურთი ბადემ მოიგერია...

აღსანიშნავია, რომ შარშანდელი უიმბლდონიდან გამოთიშვის შემდეგ, ეს სერენას პირველი თამაში იყო ერთეულებში. დიდი ხნის უთამაშებლობამ, მისი თამაშის ხარისხზე უარყოფითად იმოქმედა. და ამერიკელი კვლავაც ვერ შესწვდა სანუკვარ მიზანს - მოიგოს დიდი სლემის 24-ე ტიტული.

24 წლის ტანმა დიდი სლემის ტურნირებზე მხოლოდ მეორე თამაშის მოგება შეძლო. შედარებისთვის, სერენას 98 მოგება აქვს. „სერენა სუპერვარსკვლავია. პატარაობისას მის თამაშს ტელევიზორით ხშირად ვუყურებდი. ეს ჩემი პირველი უიმბლდონია და აღტაცებული ვარ. როცა კენჭისყრის შედეგები ვნახე, ძალიან შევშინდი, რადგან ეს ხომ სერენა უილიამსია. ის ლეგენდაა. გავიფიქრე, ერთი-ორ გეიმს თუ მოვუგებდი, ჩემთვის ესეც ძალიან კარგი იქნებოდა“, - ყვება ტანი.

0.157092