ბრატისლავის „სლოვანი“ „დინამო ბათუმთან“ მატჩისთვის ემზადება და მორიგი ამხანაგური თამაში ჩეხეთის ჩემპიონ „პლზენთან“ გამართა. მატჩი ჩეხებმა 3:1 მოიგეს, შეუცვლელად ითამაშა გურამ კაშიამ, რომელიც სანაკრებო შეხვედრების შემდეგ გუნდს დაუბრუნდა, ხოლო ჯაბა კანკავა მოედანზე 64-ე წუთამდე იყო.
მატჩის შემდეგ კომენტარი „სლოვანის“ მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის ასისტენტმა ბორის კიტკამ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ დარჩენილ ერთ კვირას მაქსიმალურად გამოიყენებენ „დინამო ბათუმთან“ შეხვედრისთვის მოსამზადებლად.
„ამ მატჩმა დაგვანახა სად გვაქვს სუსტი წერტილები. „პლზენმა“ თავისი ძალა აჩვენა თავისი ძალა, რითაც გასულ სეზონში ჩეხეთის ჩემპიონი გახდა. მეტოქემ დაგვსაჯა და ვფიქრობ, ნახევარდაცვაში ბრძოლა გადამწყვეტი იყო. ორი-სამი შანსი გვქონდა, რომელიც ასეთ თამაშში უნდა გამოგვეყენებინა, რადგან მსგავსი მეტოქის წინააღმდეგ ბევრი საგოლე მომენტი არ გეძლევა.
ჯერ კიდევ ერთი კვირა გვაქვს „დინამო ბათუმთან“ მატჩისთვის, რათა მაქსიმალურად მოვემზადოთ. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მაქსიმალურად მომზადებული ვიყოთ. საბაბს არ ვეძებთ, რადგან დაცვაში კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ არა მხოლოდ დაცვის, არამედ მთლიანად გუნდის თამაში კარგი არ იყო“, - თქვა კიტკამ.
შეგახსენებთ, რომ „დინამო ბათუმისა“ და „სლოვანის“ მატჩები 6 და 13 ივლისს გაიმართება. მანამდე სლოვაკები კიდევ ერთ ამხანაგურ თამაშს გამართავენ ჩეხური „ბრნოს“ წინააღმდეგ.