სხვა

3:45 | 26.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

გაუქმებული დისკვალიფიკაცია და ასე მოგებული ოქროს მედალი

ბუდაპეშტში მიმდინარე ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე, დღეს იშვიათი შემთხვევა დაფიქსირდა. მოცურავე ჯერ დისკვალიფიკაციით დაისაჯა, შემდეგ კი ეს გადაწყვეტილება გაუქმდა და მას ოქროს მედალი მიეკუთვნა. ამ მოცურავის სახელია ჯასტინ რესი, ის ამერიკელია და მსოფლიო ჩემპიონი 50 მეტრზე გულაღმა ცურვაში გახდა.

ფინალი რომ დასრულდა, მსაჯებმა გადაწყვიტეს, რომ რესი, ვინც ასპარეზობა პირველმა დაამთავრა, კედელთან შეხებისას, წყლის ქვეშ იყო მოქცეული. მისი შედეგი გაუქმდა და გამარჯვება სხვა ამერიკელს, ჰანტერ არმსტრონგს მიეკუთვნა. თუმცა განმეორებითი განხილვის შემდეგ, რესს დისკვალიფიკაცია მოუხსნეს. ამის გამო, დაჯილდოების ცერემონია განმეორებით ჩატარდა.

15 წლის კანადელმა სამერ მაკინტოშმა ბუდაპეშტში მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. ამჯერად ის საუკეთესო ქალთა შორის 400 მეტრზე შერეულ სტილში იყო. მან 16 წლის ამერიკელ კეიტი გრაიმსს აჯობა. მაკინტოში პირველ ოქროს 200 მეტრზე ბატერფლაიში დაეუფლა.

რიოს ოლიმპიადის ჩემპიონმა, იტალიელმა გრეგორიო პალტრინიერიმ 1500 მეტრზე თავისუფალ სტილში გაიმარჯვა. მან კარგა შორს მოიტოვა მეორეზე გასული ამერიკელი რობერტ ფინკე. იტალიელს თითქმის ბოლომდე მსოფლიო რეკორდის გრაფიკით მიცურავდა, მაგრამ ბოლო 100 მეტრზე დაიღალა და ოქროს რეკორდის (14:31.02, რომელიც ჩინელ სუნ იანს ეკუთვნის) გარეშე დაეუფლა.

„ბევრი ფიქრობდა, რომ ჩემი კარირა დასრულებულია. მე ის ადამიანი არ ვარ, ვისზეც სხვისი აზრი გავლენას ახდენს. თუმცა ამ დღეებში ეჭვები მაინც მღრღნიდა. მაგრამ ჩემ თავს ვუთხარი - არა და მაშინვე ძალა ვიგრძენი. და მაინც, ჩემი შესაძლებლობები აუზში უნდა დამემტკიცებინა. პირველ ზოლში ვიყავი. დრეს წყალში ერთადერთი მიზნით გადავხტი - გასამარჯვებლად“, - განაცხადა 27 წლის იტალიელმა.

შვედმა სარა სიოსტრომმა ისევ გაიბრწყინა. ამჯერად ის ყველაზე სწრაფი, 50 მეტრზე თავისუფალ სტილში იყო. ბუდაპეშტშივე მას 50 მეტრზე ბატერფლაი აქვს მოგებული. სიოსტრომისთვის ეს მე-19 ინდივიდუალური მედალია, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატებზე მოიპოვა. მათგან 10 ოქროსია.

მამაკაცთა შორის 4x100 მეტრზე შერეული სტილით ესტაფეტაში, იტალიამ შეერთებულ შტატებს აჯობა. ქალთა შორის კი ამერიკელებს არ ყავდათ ბადალი. მათ უკან მოიტოვეს ავსტრალიური და კანადური კვარტეტები.

50 მეტრზე ბრასში ჩემპიონი ლიეტუველი რუტა მეილუტიტე გახდა. ყოფილმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა (ლონდონი-2012, 100 მეტრზე ბრასში) 0.10 წამით აჯობა იტალიელ ბენედეტა პილატოს. აღსანიშნავია, რომ მეილუტიტე 2019 წელს, დოპინგსაწინააღმდეგო წესების დარღვევისთვის, ორწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა და მისი ვადა გასულ დკემბერში დაასრულა.

0.115608