ჩოგბურთი

2:04 | 26.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვიტოვამ და ფრიცმა ისტბურნის ტურნირის ტიტულები მოიპოვეს

უიმბლდონის ორგზის ჩემპიონმა, ჩეხმა პეტრა კვიტოვამ, როლან გაროსის ყოფილ ჩემპიონს, ლატვიელ ელენა ოსტაპენკოს, ფინალში 6-3, 6-2 მოუგო და ისტბურნის ტურნირის (WTA 500) ჩემპიონი გახდა. 32 წლის ჩეხისთვის ეს კარიერაში მოგებული 29-ე ტურნირია და პირველი ტრიუმფია ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

კვიტოვა თითქმის შეუცდომლად აწოდებდა, რამაც ისტბურნის აწ უკვე ყოფილ ჩემპიონთან, ვისაც ამ ტურნირზე ზედიზედ ცხრა თამაში ჰქონდა მოგებული, გადამწყვეტი უპირატესობა მოაპოვებინა. ჩეხი თავიდანვე დაწინაურდა. მას საკუთარ მოწოდებაზე პრობლემა მხოლოდ ერთხელ, მეორე სეტის მეოთხე გეიმში შეექმნა, როდსაც ხუთი ბრეიკ პოინტი მოიგერია. გეიმი 12 წუთი გაგრძელდა და საბოლოოდ, კვიტოვამ მისი გადარჩენა შეძლო.

„მოწოდება კარგად გამოდიოდა. მაგრამ ბრეიკები მჭირდებოდა, რის გარეშეც, სეტები ტაიბრეიკებით დასრულდებოდა. ეს კი ყოველთვის 50-50-ზეა. ვიცი, რომ ელენა ბალახზე კარგად თამაშობს, მოქმედი ჩემპიონი იყო. ამიტომ, იმ აგრესიული თამაშისთვის მზად ვიყავი, რაშიც ის ძლიერია“, - განაცხადა ჩემპიონმა, ვინც უიმბლდონზე 25-ე ნომრად არის განთესილი და პირველ წრეში, იტალიელ ჟასმინ პაოლინისთან მოუწევს თამაში. ოსტაპენკო კი მე-12 ნომრად ითამაშებს და ფრანგ ოსეან დოდენს დაუპირისპირდება.

მამაკაცთა ბადის (ATP 250) ფინალში, ამერიკელმა ტეილორ ფრიცმა დაძაბულ ბრძოლაში, 6-2, 6-7(4), 7-6(4) დაამარცხა თანამემამულე მაქსიმ კრესი და მეორედ გახდა ისტბურნის ჩემპიონი (პირველად 2019 წელს მოიგო).

საწყის სეტში ფრიცმა ორჯერ მიაღწია ბრეიკს და სეტიც იოლად მოიგო. ორი ძლიერი მომწოდებლის შეხვედრის მეორე სეტში თანაბარი თამაში წარიმართა და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც უპირატესობას კრესიმ მიაღწია. მესამე სეტიც მეორეს მსგავსი იყო და ამჯერადაც საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა. ოღონდ, გადამწყვეტ მომენტში, უპირატესობას ფრიცმა მიაღწია.

უიმბლდონის პირველ წრეში, მე-11 ნომრად განთესილი ფრიცი იტალიელ ლორენცო მუსეტის შეხვდება, კრესის კი ძლიერი მეტოქე ჰყავს მეცხრე ნომრად განთესილი კანადელი ფელიქს ოგერ-ალისიმეს სახით.

0.115462