ქართველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 18-წლამდელთა შორის 1000-მეტრიან დისტანციაზე ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში ზედიზედ მეორედ გახდა.
წივწივაძემ ჩემპიონობის შემდეგ WORLDSPORT.GE-თან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გამარჯვება ადვილი არ იყო.
„ევროპის ჩემპიონატი მოლოდინს ამართლებს, ბევრი სპორტსმენი ასპარეზობს და კონკურენციაც მაღალია. გამარჯვება ძალიან რთულია, რადგან აქ თავიანთ ქვეყნებში საუკეთესო სპორტსმენები ასპარეზობენ. საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე ადგილი დავიკავე. ეს იმიტომ, რომ მთელი ძალის გამოყენება საჭირო არც იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ფინალში სამი საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენი გადადიოდა.
ფინალში მცირედი უპირატესობით გავიმარჯვე. ახსნა ძალიან რთულია რატომ მოვიგე ასე მცირე უპირატესობით. მთავარია ოქროს მედალი ჩემია. რთული შეჯიბრია და ძალიან ბედნიერი ვარ. 200-მეტრიანი შეჯიბრის ფინალშიც ვარ და გამარჯვების შანსიც მაქვს. იმედი მაქვს, რომ სამგზის ევროპის ჩემპიონი გავხდები.
ნიჩბოსნობა განსხვავებული სპორტია, განსაკუთრებით ამ ასაკში რთულია გამოარჩიო ფავორიტები. წინასწარ არ ვფიქრობ ჩემს მეტოქეებზე, უბრალოდ ვცდილობ კონცენტრაცია ჩემს თავზე გავაკეთო და ის შედეგი ვაჩვენო, რასაც ვარჯიშებზე ვაჩვენებდი.
ერთ თვეში ევროპის თამაშებისთვის ლიცენზიები გათამაშდება. 500-მეტრიან დისტანციაზე, მაგრამ აბსოლუტურ ასაკში და ძალიან რთული იქნება. ახლა ამისთვის ვემზადები, შემდეგ კი ჩემს ასაკში მსოფლიოს ჩემპიონატი მაქვს 500 და 1000-მეტრიან დისტანციაზე და ვიმედოვნებ, რომ იქაც გამარჯვებას მოვიპოვებ“, - გვითხრა წივწივაძემ.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე წივწივაძემ ევროპის 18-წლამდე ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო.