სხვა

22:45 | 23.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან დრამატულ ბრძოლაში წააგო

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდა და ძალიან დაძაბულ, დრამატულ ბრძოლაში 9:10 დამარცხდა.

საქართველომ პირველი პერიოდი ცუდად ჩაატარა და 1:4 ჩამორჩა, მაგრამ მეორე პერიოდში მეტოქე დაჯაბნა, 3:0 მოიგო და ანგარიში გაათანაბრა. მესამე პერიოდი ისევ მონტენეგროელთა უპირატესობით დაიწყო და 8:5 დაწინაურდნენ, თუმცა დეიან სტანოიევიჩის გუნდმა მოახერხა და მეტოქეს 3-ბურთიანი უპირატესობა მეორედ ამოუქაჩა - 8:8.

თუმცა, მონტენეგრომ გამარჯვება მაინც მოახერხა, საქართველოს კი ფრის შანსი ბოლო წამამდე ჰქონდა. 10:9-ზე მარკო იელაჩას დარტყმა მეკარემ მოიგერია და მატჩიც ასე დასრულდა. ნებისმიერ შემთხვევაში ქართველმა წყალბურთელმა საკმაოდ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ კარგი თამაში აჩვენეს და სენსაციამდე ცოტა დააკლდათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ბრაზილია 14:10 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა. მესამე ტურში ქართველები მასპინძელ და ფავორიტ უნგრეთს 25 ივნისს შეხვდებიან. საქართველოს ნაკრებს ბრაზილიასთან გამარჯვებით პლეი-ოფისკენ დიდი ნაბიჯი აქვს გადადგმული, სადაც სავარაუდოდ, მეოთხედფინალური საგზურისთვის ხორვატიას ან საბერძნეთს უნდა გაეჯიბროს.

საქართველო - მონტენეგრო 9:10 (1:4, 3:0, 3:4, 2:2)

აქვე ტურნირის ფორმატზე: მსოფლიოს ჩემპიონატზე 16 ნაკრები ასპარეზობს, რომლებიც ოთხ 4-გუნდიან ჯგუფებში არიან განაწილებული. ოთხივე ჯგუფის პირველადგილოსანი მეოთხედფინალში ავტომატურად გავა, ხოლო ბოლოადგილოსნები ჯგუფში ჩარჩებიან. მეორე-მესამე ადგილოსნები კი პლეი-ოფში გავლენ, სადაც 4 წყვილი შედგება და მეოთხედფინალის საგზურს ამ წყვილებში გამარჯვებული 4 ნაკრები მოიპოვებს. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში თამაშობს და მეორე ან მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში პლეი-ოფში მეოთხედფინალის საგზურისთვის B ჯგუფის მეორე ან მესამე ადგილოსანთან მოუწევს დაპირისპირება.

0.115211