ფეხბურთი

16:39 | 23.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთელები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს ჩემპიონატი და ოქროს ბურთი მოიგეს

დღეს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის, ზინედინ ზიდანის დაბადების დღეა, რომელსაც 50 წელი შეუსრულდა. ფრანგი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი იმ რვა ფეხბურთელიდან, რომელთაც კარიერაში მოგებული აქვთ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდური და ინდივიდუალური ჯილდო - მსოფლიოს ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და ოქროს ბურთი.

ზინედინ ზიდანი

მსოფლიოს ჩემპიონი 1998 წელს გახდა. იმავე წლის ბოლოს ოქროს ბურთი მოიგო, როცა „იუვენტუსში“ თამაშობდა, ხოლო 2002 წელს მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაზეც იმარჯვა.

ბობი ჩარლტონი

ლეგენდარული ინგლისელი ჯერ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 1966 წელს, მერე იმავე წლის ბოლოს ოქროს ბურთს დაეუფლა, ხოლო 1968 წელს „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში ჩემპიონთა თასსაც შესწვდა.

გერდ მიულერი

გერდ მიულერმა ჯერ პირადი ტიტული დაისაკუთრა - ოქროს ბურთი მისი კუთვნილება 1970 წელს გახდა. გერდი 4 წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, ხოლო 1974, 1975, 1976 წლებში ზედიზედ სამჯერ „ბაიერნთან“ ერთად ჩემპიონთა თასზე გაიმარჯვა.

ფრანც ბეკენბაუერი

კიდევ ერთი ლეგენდარული გერმანელი. მან მსოფლიოს ჩემპიონობა 1974 წელს მოახერხა, ჩემპიონთა თასი იმავე წლებში მოიგო, როცა მიულერმა (1974, 1975, 1976), ხოლო ოქროს ბურთი სულაც ორჯერ მოიპოვა - 1972 და 1976 წლებში.

პაოლო როსი

ამ სიაში პაოლო როსი ერთადერთი იტალიელია. ყველაფერი 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონობით დაიწყო, რაშიც მას ყველაზე დიდი წვლილი მიუძღოდა და წლის ბოლოს ოქროს ბურთიც გადასცეს. 1985 წელს კი წრე ჩემპიონთა თასის მოგებით შეკრა, რომელიც „იუვენტუსის“ რიგებში მოიპოვა.

რივალდო

რივალდო ოქროს ბურთს 1999 წელს დაეუფლა, „ბარსელონას“ ფეხბურთელის რანგში. ბრაზილიელმა 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონობაც მოახერხა, ხოლო ერთი წლის შემდეგ „მილანის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზეც იმარჯვა.

რონალდინიო

კიდევ ერთი ბრაზილიელი ამ სიაში. რონალდინიომ სამი პრესტიჟული ჯილდო 4-წლიან ინტერვალში მოიგო. 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2005 წელს ოქროს ბურთს დაეუფლა, ხოლო 2006 წელს „ბარსელონასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის თასიც აღმართა.

რიკარდო კაკა

კიდევ ერთი ბრაზილიელი გენიოსი. 2002 წელს კაკა მსოფლიოს ჩემპიონი ისე გახდა, რომ გამარჯვებაში დიდი წვლილი არ შეუტანია, სამაგიეროდ, 2007 წელს „მილანში“ მოგებულ ჩემპიონთა ლიგაზე ფასდაუდებელი როლი ითამაშა და წლის ბოლოს ოქროს ბურთიც გადასცეს.

ეს არის იმ 8 ფეხბურთელის ჩამონათვალი, რომელთაც სამივე ჯილდო მოუგიათ. თუმცა, გვინდა, ცალკე ბრაზილიელი რონალდოც ვახსენოთ. მას არასდროს მოუგია ჩემპიონთა ლიგა და შესაბამისად, ამ ნუსხაში არც შედის, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს, რომ:

რონალდო მსოფლიოს ჩემპიონი 1994 და 2002 წლებში ორჯერ გახდა, ასევე ორჯერ მოიგო ოქროს ბურთი 1997 და 2002 წლებში. ჩემპიონთა ლიგაზე კი ვერ გაიმარჯვა. თუმცა, 2007 წელს, როცა „მილანმა“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ის „როსონერის“ ფეხბურთელი იყო. ფინალში „ლივერპულთან“ გამარჯვებასაც გუნდთან ერთად ზეიმობდა, უბრალოდ ოქროს მედალი არ მიუღია და არც მიიჩნევა, რომ ეს ტიტული მოიგო. რატომ? რონალდო „მილანს“ 2007 წლის იანვარში „რეალიდან“ შეუერთდა და მაშინდელი წესებით ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ორი კლუბის რიგებში თამაში დაუშვებელი იყო. რონალდომ კი იმ სეზონის პირველ წრეში „რეალში“ ითამაშა და მეორე წრეში „მილანში“ ამ ტურნირზე ვერ თამაშობდა. ამიტომაც, ფენომენი ჩემპიონთა ლიგის ტიტულის გარეშე დარჩა, არადა, ძალიან ახლოს იყო...

0.119843