ბუდაპეშტში მიმდინარე ცურვის მსოფილიო ჩემპიონატის მეოთხე დღეს, უნგრელმა კრიშტოფ მილაკმა, 200 მეტრზე ბატერფლაის ფინალში, მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც მასვე ეკუთვნოდა. მან ფინიშს წუთსა და 50.34 წამში მიაღწია და 0.39 წამი მოაკლო ძველ რეკორდს, რომელიც 2019 წელს, გუანჯუს მსოფლიო ჩემპიონატზე დაამყარა.
22 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალიც მოიპოვა. ის პირველი უნგრელი მოცურავეა, ვინც ბუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონატზე, ოქრო მოიპოვა. მან 3.03 წამით აჯობა მეორეზე გასულ ფრანგ ლეონ მარშანს.
„ფანტასტიური შეგრძნებაა. როდესაც სასტარტო ზოლში ვიდექი, არაფერი მესმოდა და ვერაფერს ვხედავდი აუზის გარდა. სამი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემი შედეგი გამეუმჯობესებინა. და აი, ოცნება აქ ავისრულე“, - განაცხადა მილაკმა (ფოტოებზე).
მამაკაცთა შორის 800 მეტრზე თავისუფალ სტილში, ამერიკელმა ბობი ფინკემ გაიმარჯვა. მან დისტანციის მიწურულს შეძლო აჩქარება და უკან მოიტოვა გერმანელი ფლორიან ველბროკი და უკრაინელი მიხაილო რომანჩუკი. ფინკემ წარმატებით შეცვალა ამერიკელთა გუნდის ლიდერი, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი 100 მეტრზე თავისუფალში, ქეილებ დრესელი, ვინც ნახევარფინალში, სამედიცინო მიზეზით, ასპარეზობა შეწყვიტა.
ფინკე თითქმის მთელი დისტანციის განმავლობაში, მეოთხე ადგილზე იყო. ბოლო მობრუნების შემდეგაც, მის წინ სამი მეტოქე რჩებოდა, მაგრამ შემდეგ ბრწყინვალე აჩქარება განახორციელა და ფინიშთან პირველმა მიცურა. ამასთამ, პირადი რეკორდიც (7:39.36) დააფიქსირა.
„ვიცოდი, რომ დანარჩენების მახლობლად უნდა ვყოფილიყავი და ბოლოს შემესრულებინა ის, რაც კარგად მეხერხება. ვიცოდი, რთული ბოლო 50 მეტრი იქნებოდა, მაგრამ ამად ღირდა“, - განაცხადა ფინკემ.
ამერიკელებმა ტურნირის მეოთხე დღეს, სამი ოქროს მედალი მოიპოვეს. მეორე გამარჯვება მათ ნიკ ფინკმა მოუპოვა, ვინც ოქროს მედალს 50 მეტრზე ბრასში დაეუფლა. ამერიკელს 0.03 წამით ჩამორჩა იტალიელი ნიკოლო მარტინენგი, მესამე ადგილი კი ამერიკელმა მაიკლ ენდრიუმ დაიკავა.
დრესელის გამოთიშვა ნიშნავს, რომ არ შედგება მისი დაპირისპირება რუმინელ ამომავალ ვარსკვლავ დავიდ პოპოვიჩისთან, ვინც 200 მეტრზე თავისუფალში გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
დრესელს არც 4x100 მეტრზე შერეულ სქესთა, შერეული სტილით ესტაფეტაში უასპარეზია, მაგრამ ამის მიუხედავად, ამერიკელებმა ოქროს მედალი მაინც მოიპოვეს. ჰანტერ არმსტრონგმა (გულაღმა ცურვა), ფინკმა (ბრასი), ტორი ჰუსკემ (ბატერფლაი) და კლერ კარზანმა, 2.55 წამით აჯობეს მეორეზე გასულ ავსტრალიის გუნდს. ბრინჯაოს მედლებს კი ჰოლანდიელები დაეუფლნენ, რომლებმაც მცირედით ჩამოიტოვეს ოლიმპიური ჩემპიონი ბრიტანელები.
ქალთა შორის 200 მეტრზე თავისუფალ სტილში, ჩემპიონი ჩინელი იან ჯუნსუანი გახდა. მან 0.30 წამით აჯობა ავსტრალიელ თინეიჯერ მოლი ო’კალაგანს.