„პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ თქვა, რომ ის აღარ აპირებს იმ კატეგორიის ფეხბურთელების დამატებას, რომელთაც მბზინავი სახელები აქვთ, მაგრამ კლუბისთვის ბოლომდე არ იხარჯებიან.
გარდა ამისა, ალ-ხელაიფიმ ზინედინ ზიდანის, კრისტოფ გალტიესა და კილიან მბაპეს შესახებაც ვრცლად ისაუბრა.
„მწვრთნელების მოკლე სია გვაქვს, „ნიცასთან“ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, საიდუმლო არ არის. იმედი მაქვს, შეთანხმებას სწრაფად მივაღწევთ, მაგრამ „ნიცას“ და მის პრეზიდენტს პატივს ვცემთ.
ზიდანი მიყვარს, საოცარი ფეხბურთელი იყო და ასეთივე მწვრთნელია, რომელსაც ბევრი კლუბი და ნაკრები იწვევს, მაგრამ მასთან არასდროს გვისაუბრია, არც პირდაპირ და არც ირიბად. ჩვენ ავირჩიეთ სხვა ვარიანტი, ავირჩიეთ მწვრთნელი, რომელიც საუკეთესო იქნება ჩვენი იდეებისთვის.
ოცნება ერთია და რეალობა მეორე, ჩვენი სლოგანი უნდა შევცვალოთ, ყოველთვის დიდ წარმატებაზე ვერ ვიოცნებებთ. უპირველეს ყოვლისა რეალისტები უნდა ვიყოთ, აღარ გვინდა ვიყიდოთ მოჩვენებითი და მბზინავი სახელის მქონე ფეხბურთელები. 11 წლის განმავლობაში დიდი საქმეები გავაკეთეთ, მაგრამ საკუთარ თავს ყოველწლიურად უნდა ვკითხოთ როგორც გავხდეთ უკეთესები. ჩვენ ფოკუსირებას ჩვენს ახალგაზრდულ სექტორზე მოვახდენთ. საუკეთესო აკადემია გვექნება მსოფლიოში და მომდევნო რამდენიმე წელიწადში მინდა, რომ კლუბი მთლიანად პარიზელი ფეხბურთელებით დაკომპლექტდეს. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენი მიზანი ეს არის.
ჩვენ ვიცით, ჩვენი პროექტის ნაწილი ვინ არის და ვინ წავიდეს. წარსულში ზოგიერთებმა სიტუაციით ისარგებლებს, მაგრამ ეს მორჩა. ნეიმარი იქნება თუ არა პროექტის ნაწილი? ამაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, ზოგი ფეხბურთელი მოვა, სხვები კი კლუბს დატოვებენ. ვისაც არ სურს კლუბისთვის ბრძოლა, იმაზე მეტის გაღება, ვიდრე გასულ სეზონში გაიღეს, კლუბის დატოვება მოუწევთ.
მბაპე? შარშან „რეალი“ 180 მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ ჩვენ უარი ვთქვით, რადგან ვიცოდი, რომ კილიანს აქ დარჩენა სურდა. მას და მის ოჯახს ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი, რა სურთ. მბაპე აქ არის კლუბისთვის, ქალაქისთვის, ქვეყნისთვის, სპორტული პროექტისთვის და არა ფულისთვის. ის მხოლოდ თამაშსა და გამარჯვებაზე ფიქრობს,
სუპერლიგა? სუპერლიგა მკვდარია. მადრიდში ჩემპიონთა ლიგის მოგებას ზეიმობენ და შემდეგ ამ ტურნირზე თამაში არ სურთ“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.