ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ მილანის „ინტერში“ დაბრუნდება. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.
გარდა ამისა, ფაბრიციო რომანო წერს, რომ ლუკაკუ „ინტერს“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდება, რომლის სანაცვლოდ იტალიელები 8 მილიონ ევროს გაიღებენ და ბონუსებსაც დაამატებენ. თუმცა, „ნერაძურის“ ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულება ან ოფცია არ ექნება.
29 წლის ბელგიელი „ინტერში“ 2019-2021 წლებში თამაშობდა და 95 მატჩში 64 გოლი გაიტანა. შარშან ის „ჩელსიში“ მილანელებმა 115 მილიონ ევროდ გაყიდეს, მაგრამ ტომას ტუხელის გუნდში მან ფეხი ვერ მოიკიდა და 44 თამაშში თავი 15-ჯერ გამოიჩინა.
ამრიგად, ლუკაკუ ისევ „ინტერში“ ითამაშებს, ტრანსფერის ოფიციალური დადასტურება უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. ბელგიელ ფეხბურთელს ბრიუსელის „ანდერლეხტში“, „ვესტ ბრომვიჩში“, „ევერტონსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ აქვს ნათამაშები.