ფეხბურთი

23:33 | 21.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" "ტორპედოს" მოუგო და ეროვნული ლიგის ნახევარი გავიდა

საქართველოს ეროვნული ლიგის ნახევარი გავიდა. დასრულდა ორი წრე და წინ კიდევ ორი წრეა.

მე-18 ტურის ბოლო შეხვედრაში „დინამო ბათუმმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და ადვილად, 4:0 დაამარცხა. ანგარიში 39-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა გახსნა, რომელმაც 30 მეტრიდან ულამაზესი ჯარიმა გაიტანა. მანვე მეორე ტაიმის დასაწყისში ჯოვინოს მოპოვებული პენალტი გოლად აქცია და დუბლი შეასრულა.

ბრაზილიელმა თავდამსხმელმა 77-ე წუთზე კიდევ ერთი პენალტი მოიპოვა, რომელიც ამჯერად თავად შეასრულა და მანაც ზუსტად. 89-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში თორნიკე გაფრინდაშვილმა დააფიქსირა.

„დინამო ბათუმმა“ 41 ქულა დააგროვა და „დინამო თბილისს“ 6 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი „სიონს“ შინ დაუხვდება. „ტორპედოს“ აქტივში 21 ქულაა, მეშვიდე ადგილზეა და წინ „დინამო თბილისთან“ მატჩი ელოდება.

თბილისის „საბურთალომ“ შინ „თელავს“ უმასპინძლა და ბენედიკ მიოჩის გოლით მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. ლაშა ნოზაძის გუნდს 26 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი „სამგურალთან“ გამართავს, ხოლო „თელავი“ 21 ქულით მეექვსეა და „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება.

„დინამო ბათუმი“ – „ტორპედო“ 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 მამუჩაშვილი (39), 2:0 მამუჩაშვილი (53, პენ), 3:0 ჯოვინო (77, პენ), 4:0 გაფრინდაშვილი (89)

„საბურთალო“ – „თელავი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 მიოჩი (68)

0.112551