ფინალური სერიის შეხვედრები გრძელდება იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში. სერიის მეხუთე შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონია" საკუთარ კედლებში "ოლიმპია მილანოს" დაუპირისპირდა და 84:78 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით ბოლონიელებმა სერიაში სხვაობა შემაცირეს 2:3. მოგეხსენებათ, სერია 4 მოგებამდე გრძელდება. მომდევნო შეხვედრა 18 ივნისს გაიმართება.
თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 30 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 15 ქულა, 2 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება მიითვალა. განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო მატჩის ბოლო 5 წუთი, როდესაც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თავის გუნდს ულიდერა და გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა. მატჩის ბოლო ხუთ წუთში თოკომ ჯერ მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო და თავისი გუნდი 5 ქულით დააწინაურა, მატჩის დასრულებამდე 1:30 წუთით ადრე კი, თანაგუნდელს ფარქვეშ ბრწყინვალე პასი გაუკეთა.