სხვა

17:52 | 16.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ცურვაში ტუნისელი ოლიმპიური ჩემპიონი მსოფლიო ჩემპიონატზე არ იასპარეზებს

ტუნისელი მოცურავე აჰმედ ჰაფნაუი, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზე სენსაციური გამარჯვება მოიპოვა, მოცურავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც შაბათს ბუდაპეშტში დაიწყება, არ იასპარეზებს.

ჰაფნაუი ოლიმპიადის წინ, 400 მეტრზე თავისუფალ სტილში, მსოფლიო რეიტინგის მე-17 ადგილზე იყო და რა თქმა უნდა, ფავორიტებში არავინ მოიაზრებდა. ტოკიოში ფინალის საგზური მერვე შედეგით მოიპოვა. საუკეთესო დროსთან მან 0.14 წამი წააგო. მაგრამ ფინალში შეუარებელი იყო. ჰიტებსა და ფინალში ნაჩვენებ მის საუკეთესო დროებს შორის სხვაობამ 2.8 წამს მიაღწია.

მაგრამ ოლიმპიადის სენსაციას, ვინც ახლა 19 წლისაა, ამ სეზონში ერთ შეჯიბრზეც არ უასპარეზია. ის ინდიანაში (აშშ) კოლეჯში სწავლის დასაწყებად ემზადება და შესაძლოა, ეს იყოს იმის მიზეზი, რომ სპორტმა მეორე პლანზე გადაინაცვლა.

ჰაფნაუის არყოფნისას, 400 მეტრზე თაისუფალში ფავორიტები იქნებიან გერმანელი ლუკას მარტენსი, ვისაც ამ სეზონში საუკეთესო დრო აქვს და ავსტრალიელები, ელაიჯა ვინინგტონი (ამ სეზონში მეორე უსწრაფესია) და რიოს ოლიმპიადის ჩემპიონი მექ ჰორტონი.

ამგვარად, ჰაფნაუი ტოკიოს ოლიმპიადის კიდევ ერთი ოქროს მედალოსანია, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე არ გამოვა. დანარჩენები არიან: ბრიტანელი ადამ პიტი (100 მეტრზე ბრასი), ავსტრალიელი ემა მაკკეონი (50 და 100 მეტრზე თავისუფალი და 100 მეტრი ბატერფლაი), ავსტრალიელი არიარნე ტიტმუსი (200 და 400 მეტრზე თავისუფალი), ამერიკელი ლიდია ჯეკობი (100 მეტრზე ბრასი), სამხრეთაფრიკელი ტატიანა შონმეიკერი (200 მეტრზე ბრასი), კანადელი მეგი მაკ ნილი (100 მეტრზე ბატერფლაი) და რუსი ევგენი რილოვი (100 და 200 მეტრზე გულაღმა).

0.114394