სხვა

0:35 | 16.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფიური სარფიანი ანაზღაურების შემთხვევაში დაბრუნდება

მძიმე წონაში WBC-ს ჩემპიონი, ბრიტანელი ტაისონ ფიური ამბობს, რომ ის რინგზე იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ ტიტულების გამაერთიანებელ ბრძოლას შესთავაზებენ. და ისიც, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზატორები სარფიან ანაზღაურებას შესთავაზებენ.

ფიურიმ აპრილში ლონდონში, ნოკაუტით დაამარცხა თანამემამულე დილიან უაითი და მაშინვე განცხადა, რომ ეს რინგზე მისი ბოლო გამოსვლა იყო. მალე (აგვისტოში) შედგება უკრაინელი ოლეკსანდრ უსიკის და ბრიტანელი ენტონი ჯოშუას რემატჩი. მათი პირველი შეხვედრა გასულ სექტემბერში შედგა და უსიკმა გაიმარჯვა, ვინც ჯოშუას WBA-ის, WBO-ის, IBF-ის და IBO-ის ტიტულები ჩამოართვა.

33 წლის ფიური ამბობს, რომ თავის პრომოუტერ ფრენკ უორენთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რისი მიზანიც, რინგზე დაბრუნების პირობების შეთანხმებაა. ფიურის სიტყვებით, ისინი (ის და უორენი) „რაღაც დიდს აპირებენ“. ფიურისთვის მთავარი მიზანი, ტიტულების გაერთიანებაა.

ფიური უსიკს „საშუალოწონოსანად“ მოიხსენიებს, მაგრამ ფიქრობს, რომ უკრაინელი მეორედაც მოუგებს ჯოშუას. „როდესაც ეს საშუალოწონოსანი, ბოდიბილდერს ისევ დაამარცხებს, დარჩება მხოლოდ ერთი კაცი, ვინც ამ ცირკს თავის ადგილს მიუჩენს. ასე არაა? მათ, ვისაც ჩვენი ბრძოლის ხილვა სურს ვურჩევ, დიდი ჩეკი გაამზადეთ. რადგან დიდი ჯიპსი კინგის დასაბრუნებლად, ჯიბეზე ხელის გავლება მოგიწევთ“, - ამბობს ფიური.

0.124479