„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ და ფეხბურთელმა ანზორ მექვაბიშვილმა კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შეაფასეს.
როგორც ცხადაძემ აღნიშნა, ესტონური „პაიდე“ მათთვის ჯერჯერობით უცნობი მეტოქეა, მაგრამ შეხვედრისთვის სერიოზულად მოემზადებიან.
„ჩვენთვის საერთოდ უცხო გუნდია, დღეს დავიწყებთ ინფორმაციის შეგროვებას. ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ, რადგან ევროთასებზე არანაირად არ შეიძლება რომელიმე მეტოქის გადაფასება ან არდაფასება. ძალიან სერიოზულად უნდა მოვემზადოთ, როცა ამ შეხვედრის დრო მოვა. თუმცა, ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა 16 ივნისის თამაშია და ამისთვის ვემზადებით“, - აღნიშნა ცხადაძემ.
„მაქსიმალური მობილიზაციით ვუდგებით ამ თამაშს. ჩვენთვის ყველა ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია და ვეცდებით, რაც შეიძლება შორს გავიდეთ. შევისწავლით ამ გუნდს და ინფორმაციის მიღების შემდეგ უფრო კარგად მოვემზადებით. მინდა, ხალხს მოვუწოდო, რომ მოვიდნენ სტადიონზე და დაგვიდგნენ გვერდით, რადგან ხალხი ძალიან მაგარ ატმოსფეროს ქმნის. პირველი თამაში თბილისში გვაქვს და რა თქმა უნდა, მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“, - აღნიშნა მექვაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი“ „პაიდეს“ 7 და 14 ივლისს შეხვდება. პირველი თამაში საქართველოში შედგება, ხოლო საპასუხო ესტონეთში.