ქართველი ფეხბურთელი ჯიმი ტაბიძე კარიერას „კორტრაიკში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად ბელგიური კლუბის ვებგვერდმა დაადასტურა. ტაბიძე ბელგიელთა რიგებში 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
26 წლის მცველი ბოლოს „უფაში“ თამაშობდა, რომელიც უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ დატოვა და ბელგიელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ჯიმი „უფაში“ 2017 წლიდან ირჯებოდა, ხოლო მანამდე „ურალისა“ და „საბურთალოს“ წევრი იყო.
ჯიმი ტაბიძეს, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 14 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, სერიოზული ტრავმა ჰქონდა, რის გამოც ბოლო დროს ვილი სანიოლის სიაში არ მოხვედრილა, თუმცა ახალი სეზონისთვის მზად იქნება და ფრანგი სპეციალისტის რჩეულთა შორის მოხვედრის შანსიც ექნება.
შეგახსენებთ, „კორტრაიკმა“ გასულ სეზონში ბელგიის იუპილერ ლიგაში 37 ქულით მე-13 ადგილი დაიკავა. ბელგიური კლუბის რიგებში 19 წლის ქართველი ნახევარმცველი ცოტნე ბენდიაშვილიც ირიცხება, რომელმაც გასულ სეზონში ბელგიის ჩემპიონატში ერთხელ ითამაშა.