ერთა ლიგის მე-3 ჯგუფს ორი ტურის შემდეგ სათავეში იტალიის ნაკრები ჩაუდგა. „სკუადრა აძურამ“ ჩეზენაში უნგრეთი დაამარცხა, ხოლო დღის ცენტრალურ შეხვედრაში გერმანიამ და ინგლისმა ქულები გაიყვეს.
რობერტო მანჩინი ახალ გუნდს აშენებს და შემადგენლობაში ამჯერადაც ბევრი ცვლილება იყო. იტალიამ პირველივე ტაიმში ნიკოლო ბარელასა და ლორენცო პელეგრინის გოლებით ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. მეორე ნახევარში ჯანლუკა მანჩინის ავტოგოლით სტუმრებმა სხვაობა შეამცირეს, მაგრამ „აძურიმ“ საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს.
გერმანიის ნაკრებმა ინგლისს უმასპინძლა და გარეთ საუთგეიტის ევროპის ვიცე-ჩემპიონი ზედიზედ მეორე მარცხს გადაურჩა. გერმანია მეორე ტაიმის დასაწყისში იონას ჰოფმანმა დააწინაურა, რასაც 88-ე წუთზე ჰარი კეინმა პენალტით უპასუხა და 1:1. იტალიას 4 ქულა აქვს, უნგრეთს 3, გერმანიას 2 და ინგლისს - 1. მესამე ტურში ინგლისი იტალიას უმასპინძლებს და ევროპის ჩემპიონატის ფინალის რიმეიქი შედგება, ხოლო გერმანია უნგრეთს ესტუმრება.
ორი მატჩი გაიმართა C დივიზიონშიც, სადაც პირველ ჯგუფში შედგა მეორე ტურის შეხვედრები. თურქეთმა ლიეტუვა გასვლაზე 6:0 გაანადგურა, ხოლო ლუქსემბურგმა ფარერებზე 1:0 იმარჯვა. სწორედ თურქები და ლუქსემბურგელები ლიდერობენ ქვეჯგუფს 6-6 ქულით და მესამე ტურში ერთმანეთს შეხვდებიან.
B დივიზიონში ბოსნიამ რუმინეთს 1:0 აჯობა, ხოლო ფინეთის ნაკრებმა მონტენეგროს 2:0 მოუგო. ჯგუფს ბოსნიელები და ფინელები 4-4 ქულით ლიდერობენ.
იტალია - უნგრეთი 2:1 (2:0)
გოლები: 1:0 ბარელა (30), 2:0 პელეგრინი (45), 2:1 მანჩინი (61, ა.გ)
გერმანია - ინგლისი 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 ჰოფმანი (50), 1:1 კეინი (88)