საქართველოს ნაკრები ძალიან ახლოსაა მინი ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფთან. ბესო არველაძის გუნდმა ჯგუფური ეტაპი 6 ქულით დაასრულა, ჯერ ოფიციალურად ჯგუფიდან არ გასულა, რადგან არც ამ და არც სხვა ჯგუფებში არ დასრულებულა ასპარეზობა, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია.
საქართველომ მონტენეგროსთან გამარჯვებისა (2:0) და ბულგარეთთან მარცხის (0:2) შემდეგ ბოლო ტურში ავსტრიის ნაკრებს 3:1 მოუგო. დუბლი შეასრულა ლევან სვანიძემ, ერთი გოლი კი ლევან კობაიძის ანგარიშზეა. ავსტრიელებმა ბოლოს ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ ვერაფერი შეცვალეს.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ასპარეზობა 6 ქულით დაასრულა. ასევე 6 ქულა აქვს ბულგარეთს, 3 მონტენეგროს და ისინი ცოტა ხანში ერთმანეთს შეხვდებიან. ასე რომ, არის შანსი სამივე გუნდმა 6-6 ქულით დაასრულოს ასპარეზობა და საქართველოს ჯგუფში მესამე ადგილი ერგოს.
თუმცა, ჯგუფიდან ორ-ორი გუნდის გარდა, საუკეთესო მესამეადგილოსნებიც გადიან და პრაქტიკულად არ არსებობს შანსი, რომ მასში 6 ქულის მქონე გუნდი არ მოხვდეს. ასე რომ, მხოლოდ ლოდინია იმისთვის საჭიროდ, რომ საქართველოს ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში ოფიციალურად გავიდეს.
ავსტრია - საქართველო 1:3 (0:1)
გოლები: 0:1 კობაიძე (13), 0:2 სვანიძე (39), 0:3 სვანიძე (46), 1:3 სავიჩი (50)