მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ესტონელმა ოტტ ტანაკმა იტალიის რალი მოიგო, რომელიც კუნძულ სარდინიაზე ჩატარდა. მსოფლიო ჩემპიონატზე ეს მისი პირველი გამარჯვებაა წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში.
ტანაკმა (ჰიუნდაი), ვინც მსოფლიო ჩემპიონი 2019 წელს გახდა, ლიდერობა ხელთ მას შემდეგ იგდო, რაც რბოლას ავარიის გამო, ფინელი ესაპეკა ლაპი (ტოიოტა) გამოეთიშა. საბოლოოდ, მან მეორეზე გასულ ირლანდიელ კრეიგ ბრინს (M-სპორტ-ფორდი) წუთით და 3.2 წამით აჯობა.
ამგვარად, ტანაკმა „ჰიუნდაის“ გამარჯვება მოუტანა, რომელიც კორეულ საქარხნო გუნდს, ამ სეზონში არ ჰქონდა. მეოთხე ადგილზე „ჰიუნდაის“ ესპანელი დანი სორდო გავიდა, მომდევნო ადგილები კი ფრანგმა პიერ-ლუის ლუბემ (M-სპორტ-ფორდ) და ჩემპიონატის ფინელმა ლიდერმა, კალე როვანპერამ (ტოიოტას) დაიკავეს.
ხუთი ეტაპის შემდეგ, როვანპერას 55 ქულა აქვს და ჩემპიონატს ლიდერობს. მეორე ადგილზე ბელგიელი ტიერი ნოივილია (ჰიუნდაი), ვინც შაბათს რბოლას გამოეთიშა, მაგრამ კვირას დაბრუნდა და ბოლო, სუპერ სპეცმონაკვეთის მოგებით, ხუთი ბონუს ქულა აიღო. „მთავარია, რომ ტიერიზე მეტი ქულა ავიღეთ“, - ნარბოლევს განაცხადა როვანპერამ.
სარდინიამდე ტანაკს ბოლოს გამარჯვება ფინეთის არქტიკის რალიზე, გასულ სეზონში (თებერვალში) ჰქონდა მოპოვებული. მან ამით როვანპერას გამარჯვებათა სერია შეწყვიტა. ფინელმა მრბოლმა იტალიამდე ზედიზედ სამი რბოლა მოიგო.
მომდევნო ეტაპს, საფარის რალის, კენია 23-26 ივნისს უმასპინძლებს.