„ვალენსია“ ჯენარო გატუზომ ჩაიბარა. ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ ყველაფერი გადაწყვეტილია.
„ღამურების“ ახალი მწვრთნელის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის გიორგი მამარდაშვილის გამო, რადგან ხოსე ბორდალასი მას პირველ მეკარედ განიხილავდა. მამარდაშვილის პროგრესში დიდი წვლილი ვალენსიელთა მეკარეების მწვრთნელ ხოსე მანუელ ოჩოტორენას მიუძღვის, რომელიც 2007 წლიდან მუშაობს „მესტალიაზე“.
ის პარალელურად 2021 წლამდე ესპანეთის ნაკრების მეკარეების მწვრთნელიც იყო და მის ხელში უამრავ ლეგენდარულ მეკარეს გაუვლია. სწორედ მასთან მუშაობით გიორგის პროგრესიც თვალსაჩინო გახდა და ის კარგად იცნობს ქართველ მეკარეს. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ მან შესაძლოა „ვალენსია“ დატოვოს.
Marca-ს ცნობით, გატუზო „ვალენსიაში“ თავისი სტაფით მიდის და მათ შორის, მეკარეების მწვრთნელიც მიჰყავს. შესაბამისად, ესპანურ კლუბში ალბათ ყველაფერი შეიცვლება. ისე კი, გატუზოს ქართველ მეკარესთან მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს, „ოფიში“ გიორგი ლორიას წვრთნიდა, იმავე გუნდში იყო გიორგი მერებაშვილიც. კახა კალაძის თანაგუნდელი კი წლების განმავლობაში გახლდათ.
ჯერჯერობით, „ვალენსიაში“ რჩება იასპერ სილესენიც, რომელიც ნიდერლანდების ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაშობს, მიუხედავად იმისა, რომ „ვალენსიაში“ სათამაშო პრაქტიკად მოკლებული იყო. სილესენმა თავის მომავალზე ნიდერლანდურ მედიასთან კომენტარი გააკეთა და არაფერი გამორიცხა.
„ჩვენ გვყავს ახალი პრეზიდენტი და მწვრთნელი, კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაკავშირებს. ასე რომ, ან კონტრაქტს გავახანგრძლივებ, ან სხვა კლუბი უნდა მოვძებნო“, - თქვა სილესენმა.
შეგახსენებთ, გასულ სეზონში გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ რიგებში ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა და ცხრაჯერ კარი მშრალად შეინახა. ქართველი კიპერი ესპანურ კლუბში ერთ-ერთი გამორჩეული იყო.